საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ფიბა-ს თანამშრომლობა მწვრთნელთა პროგრამაშიც წარმატებით გრძელდება. ევროპის ყველაზე პრესტიჟული და სოლიდური სამწვრთნელო პროგრამის (FECC) ფარგლებში თურქეთის ქალაქ კონიაში გამართულ ფიბა-ს სემინარებზე საქართველოდან ანატოლი ბოისა და ირაკლი ძიძიგური იმყოფებოდნენ.
პროგრამა სახელწოდებით “ფიბა ევროპის სამწვრთნელო სერთიფიკატი” (FIBA Europe Coaching Certificate) სამწლიანია და მისი სემინარები ყოველ ზაფხულს, ასაკობრივი საკონტინენტო ჩემპიონატების პარალელურად იმართება. პროგრამაში ჩართული მწვრთნელი პირველ წელს 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს ესწრება და მის პარალელურად მიმდინარე FECC-ის სემინარებში მონაწილეობს. შემდეგ წაფხულს უკვე 18-წლამდელთა ჩემპიონატს და სემინარებს დაესწრება, ხოლო მესამე წელს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე დასკვნით სემინარებს გაივლის და ფინალურ გამოცდას ჩააბარებს. ეს გზა უკვე გაიარეს დავით როგავამ, დიმიტრი ჯაკობოვმა და სხვა ქართველმა მწვრთნელებმა. FECC-ს მიმდინარე პროგრამაში კი, როგორც აღვნიშნეთ, ანატოლი ბოისა და ირაკლი ძიძიგური არიან ჩაბმულნი და წლეულს, პროგრამის მეორე წელს მათ 18-წლამდელთა ჩელენჯერზე დასწრება და შესაბამისი სემინარების გავლა მოუწიათ.
გასულ წელს ფიბა-ს ასაკობრივი ტურნირები არ გამართულა, შესაბამისად, სამწვრთნელო პროგრამაც არ ჩატარებულა. წლეულს, მოგეხსენებათ, ევროპის ასაკობრივი ჩელენჯერები ტარდება და FECC-ს პროგრამაც განახლდა. ანატოლი ბოისამ და ირაკლი ძიძიგურმა საკმაოდ დატვირთული სამწვრთნელო კურსები გაიარეს კონიაში, რომლებსაც, ტრადიციულად, ევროპის ცნობილი მწვრთნელები უძღვებოდნენ. ამჯერად, სემინარები ჩაატარეს პროგრამის მენტორმა – სვეტისლავ პეშიჩმა, არიკ შივეკმა, ნენად ტრუნიჩმა და აისიმ ალთაიმ.
სემინარები გაიმართა შემდეგ საგნებში:
- სწრაფი შეტევის ორგანიზება.
- დაცვის დაყენება ნასროლი ბურთის შემდეგ.
- უბურთო მოთამაშეზე ბლოკის დროს შეტევაში მოქმედება.
- უბურთო მოთამაშეზე ბლოკის დროს დაცვა.
- მწვრთნელის მენტალური მომზადება.
- ფიზიკური მომზადების დაგეგმარება.
- მოთამაშეების ფსიქოლოგიური დახასიათება.
- ფიბა-ს კალათბურთის ოფიციალური წესები.
მოგეხსენაბთ, ანატოლი ბოისა სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონ “რუსთავის” მთავარი მწვრთნელია, ხოლო ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის ასისტენტი. ირაკლი ძიძიგური “ცხუმ-აფხაზეთში” მთავარი, ხოლო საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში ასისტენტი მწვრთნელია. ორივე მათგანმა წარმატებით გაიარა თურქეთის ქალაქ კონიაში გამართული FECC-ს მეორე წლის კურსები და მესამეზე გადავიდა. პროგრამის დასკვნითი სემინარები და ფიბა-ს სამწრთნელო სერთიფიკატის მიმნიჭებელი გამოცდები 2022 წელს, ფიბა-ს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გაიმართება.