ანდრო ანთელიძემ ფიბა-ევროპის სამწვრთნელო პროგრამის (FECC ) სერტიფიკატი მიიღო

ანდრო ანთელიძემ ფიბა-ევროპის სამწვრთნელო პროგრამის (FECC ) სერტიფიკატი მიიღო

ანდრო ანთელიძე კიდევ ერთი მწვრთნელია, რომლმაც საქართველოდან ფიბა-ს უმაღლესი სამწვრთნელო პროგრამა – FIBA Europe Coaching Certificate (FECC) – გაიარა და სერტიფიკატი მიიღო. ახალგაზრდა მწვრთნელს ეს შესაძლებლობა საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ მისცა, რომელიც ფიბა-სთან აქტიურად თანამშრომლობს და ყველა ძირითად პროგრამაშია ჩართული. 

FECC-ის დასკვნითი სემინარ-გამოცდები საბერძნეთის ქალაქ ჰერაკლიონში, ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის “ა” დივიზიონის მსვლელობისას ჩატარდა. საბერძნეთში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის დაახლოებით 50-მა მწვრთნელმა მოიყარა თავი, რომლებიც FECC-ის პროგრამაში 2021 წლიდან ჩაებნენ და სემინარები ჯერ 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, ხოლო შემდეგ 18-წლამდელთა ფინალურ ეტაპზე გაიარეს. პროგრამის დასკვნითი, შემაჯამებელი ეტაპი 20-წლამდელთა “ა” დივიზიონის პარალელურად გაიმართა, რომელზეც გამომცდელებად ისეთი სპეციალისტები იყვნენ მიწვეულნი, როგორებიც პაბლო ლასო, არიკ შივეკი, ნენად ტრუნიჩი, სვეტისლავ პეშიჩი და პედრო მარტინესი.

პროგრამის მონაწილე ახალგაზრდა მწვრთნელებმა 3 სახის გამოცდა ჩააბარეს: წერითი, გასაუბრებით და პრაქტიკული. პირველი გამოცდისას მონაწილეებმა ზოგადი, სამწვრთნელო თემატიკის კითხვარებს გასცეს პასუხები, ხოლო გასაუბრებით გამოცდა ზემოთნახსენებ ცნობილ სპეციალისტებთან პირისპირ საუბრით გაიარეს. დაბოლოს, რისი ჩაბარების შემდეგაც სერთიფიკატები დაიმსახურეს, გახლდათ პრაქტიკული ნაწილი, რომლის დროსაც ახალგაზრდა მწვრთნელები უშუალოდ მოედანზე, საქმეში გამოიცადნენ. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მწვრთნელებს ლიცენზიები ფიბა-ევროპის პრეზიდენტმა ხორხე გარბახოსამ და აღმასრულებელმა დირექტორმა, კამილ ნოვაკმა გადასცეს.

საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაცია FECC-ის პროგრამის კუთხით მჭიდროდ თანამშრომლობს ფიბა-სთან და მწვრთნელთა საერთაშორისო ლიცენზირების პროგრამაში აგვისტოში კიდევ ორი ქართველი მწვრთნელი შეაბიჯებს – დავით ნოზაძე და ჯაბა ბაქრაძე. ამ უკანასკნელის ფიბა-ევროპის პროგრამაში ჩართვით მწვრთნელთა ლიცენზირების არეალი თბილისს გასცდა და რეგიონებიც მოიცვა. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ხელს უწყობს, დედაქალაქის მწვრთნელებთან ერთად რეგიონების წარმომადგენლებიც განვითარდნენ, რისი ნათელი მაგალითიც ბათუმელი მწვრთნელის, ჯაბა ბაქრაძის FECC-ის პროგრამაში ჩართვაა.

შეგახსენებთ, რომ ფიბა-ევროპის მწვრთნელთა პროგრამა საქართველოდან უკვე გავლილი აქვთ დიმიტრი ჯაკობოვს, დავით ნოზაძეს, ანატოლი ბოისასა და ირაკლი ძიძიგურს.