არჩილი და მისი რაზმი პირველია

არჩილი და მისი რაზმი პირველია

მე–6 ტური 2 მატჩით დასრულდა, რომლის სცენარიც ერთმანეთს ძალიან
ჰგავდა. ფავორიტ გუნდებს საწყისი 3 მეოთხედი გაუჭირდათ, თუმცა საბოლოოდ მაინც იოლი
გამარჯვებები მოიპოვეს. „სამედიცინომ“ „დინამო“ დაამარცხა, ხოლო შსს–მ სტუ–ს არ
დაუტოვა შანსი.

განსაკუთრებით შსს–მ მოიწადინა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი
ტაიმი წააგო და მესამე მეოთხედის შემდეგ მხოლოდ 2 ქულით იგებდა, საბოლოოდ ამ ტურში
ყველაზე დიდი სხვაობით გაიმარჯვა. თანაც, არჩილ ჟღენტის გუნდმა მოხსნა ერთ
მეოთხედში დაგროვებული ქულების საკუთარივე რეკორდი. „ძალოვნებმა“ მე–2 ტურში „დინამოს“
პირველ მეოთხედში 35 ქულა ჩაუგდეს, დღეს კი სტუ–ს ბოლო ათწუთეულში 37:13 სძლიეს.  

რეკორდის ზღვრამდე მივიდა შსს–ს ფორვარდი დავით ბარბაქაძე, რომელმაც
19 ფარიდან ასხლეტილი ბურთი მოხსნა – ანუ ზუსტად იმდენი, რამდენიც წინა ტურში სოხუმელთა ამერიკელმა მეფარე
რიჩარდ დამუსმა. ბარბაქაძე საუკეთესო იყო „ძალოვანთაგან“ – მან 26 ქულა მოაგროვა.
ორმაგი დუბლით გამოირჩა ბარბაქაძის თანაგუნდელი ლექსო ლაფანაშვილი – 15 ქულა და 10
მოხსნა.

რაც შეეხებათ ტექნიკოსებს, მათგან ზვიად ანთაძე უნდა გამოვარჩიოთ,
რომელმაც 10–დან ათივე საჯარიმო სროლა ჩააგდო და საბოლოოდ 20 ქულა დააგროვა. მისი,
ბექა ჩიკვილაძის და ვასილ ბერუაშვილის დამსახურებაა, ტექნიკოსები სამი მეოთხედის
განმავლობაში ტოლს რომ არ უდებდნენ სუპერლიგის ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდს.

დინამოელებიც მედგრად ებრძოლებოდნენ „სამედიცინოს“. ირაკლი
ალხანაიძისა და ლაშა ეძგვერაძის წინამძღოლობით დინამოელებმა პირველი ტაიმი 4 ქულით
მოუგეს მედიკოსებს. სერგო იშხნელის გუნდმა მესამე მეოთხედში ინიციატივა ხელთ იგდო,
ლიდერობა დაიბრუნა და ბოლო ათწუთეულში საბოლოოდ გატეხა „დინამო“. „სამედიცინოს“
ქულებში თორნიკე ნინიაშვილმა ულიდერა (17 ქულა), თუმცა არანაკლებ ნაყოფიერი იყო
მედიკოსთა ცენტრი – 18 წლის ბექა ბექაური, რომელმაც 14 ქულა და 13 მოხსნა
მოაგროვა.

დაფიქსირებული ანგარიშების შედეგად სუპერლიგას სათავეში შსს ჩაუდგა,
რომელსაც მდევარ თსუ–სა და „სოხუმეზე“ ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.

სტატისტიკა: სტუ – შსს, სამედიცინო – დინამო