არიკ შივეკი: “მთავარია განწყობა და ნებისმიერი მეტოქის დამარცხებაა შესაძლებელი”

არიკ შივეკი: “მთავარია განწყობა და ნებისმიერი მეტოქის დამარცხებაა შესაძლებელი”

ისრაელისა და საქართველოს ნაკრებები თბილისში ამსტერდამიდან ერთი თვითმფრინავით ჩამოფრინდნენ. 3 დღის წინ ეს ნაკრებები ჰოლანდიაში, ალმერის საერთაშორისო ტურნირზე შეხვდნენ ერთმანეთს. საქართველო და ისრაელი ერთმანეთს დღეს კიდევ ერთხელ შეხვდებიან – ორივე გუნდისთვის ეს იქნება ევრიოპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი მატჩი.
 
ისრაელის დელეგაციის ხანში შესული წევრები საქართველოში პირველად არ იმყოფებოდნენ. ებრაელთა ნაკრები საქართველოს 1995 წელსაც ეთამაშა, როცა ევროპის შესარჩევი ტურნირის მატჩში საკმაოდ გაჭირვებით, 4 ქულის სხვაობით მოგვიგო.
 
ისრაელის მწვრთნელი არიკ შივეკი კი სულაც მესამედაა ჩვენს ქვეყანაში. პირველად 1995 წელს იმყოფებოდა, მეორედ კი 2008 წლის შემოდგომაზე, როცა ევროჩელენჯის ტურნირში მისი გაწვრთნილი ჰოლანდიური „ამსტერდამი“ რუსთავის „ენერჯი-ინვესტს“ დაუპირისპირდა. შივეკს აეროპორტიდან სასტუმროსკენ გზაზე მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით.
 
– თვენს ნაკრებს ერთ-ერთი ლიდერი აკლია. ევროპის ჩემპიონატისთვის თუ მოასწრებს ომრი კასპი გამოჯანმრთელებას?
– ალბათ ვერა, თუმცა მცირე იმედი კი გვაქვს. მას მუხლს უკან მყესი აქვს დაზიანებული, ახლა აქტიურ მკურნალობას გადის და თუკი ვერ მოიშუშა, მისი სახით ევროპის ჩემპიონატზე დიდი ძალა გამოგვაკლდება.
– ევროპის ჩემპიონატს რამდენად ოპტიმისტურად უყურებთ?
– ჩვენ ყველაზე ძლიერ ჯგუფში მოვხვდით. საფრანგეთი, სერბეთი, გერმანია, იტალია… ყველა ამ გუნდს ნბა–ს ვარსკვლავები ჰყავს. თუმცა მთლიანობაში, ყველაფერი კონკრეტულ მომენტზეა დამოკიდებული. წინასწარ ლაპარაკი არაფერს მოგვცემს. უშუალოდ როგორც შევხვდებით მატჩს, როგორ დავიწყებთ მას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეიძლება, გაჩნია რამდენად კარგად შეხვდები მას.
– საქართველოში ჰოლანდიიდან ჩამოხვედით, სადაც საერთაშორისო ტურნირის მოგების შანსი ბოლო მატჩში, ჰოლანდიასთან მარცხით დაკარგეთ…
– ეს ამხანაგური მატჩებია, მათი წაგება გულს არ გვტკენს. ჰოლანდიამ ბოლო მეოთხედში გვაჯობა, თორემ მანამდე სულ ჩვენი კარნახით მიმდინარეობდა შეხვედრა. ვფიქრობ, მასპინძლების გამარჯვებაში ადგილობრივმა მსაჯებმაც ითამაშეს საკუთარი როლი.
– საქართველოც შეხვდა ჰოლანდიას, მაგრამ დაამარცხა…
– საქართველო ძლიერი გუნდია და არცაა გასაკვირი, რომ ჰოლანდიას მოუგო. ძალიან ძიერი წინა ხაზი, ტანმაღალი მოთამაშეები გყავთ, ასევე მოქნილი უკანა რგოლი. ყველაფერი ეს კარგ მთლიანობას ქმნის და თუკი ყველაფერს სწორედ წარმართავთ, წინ სერიოზული გამარჯვებები გელით.
– საქართველომ ჰოლანდიაში ერთადერთი მარცხი ისრაელთან განიცადა, თუმცა თქვენს მომგებ ამერიკულ „ვილანოვას“ დიდი სხვაობით მოვუგეთ…
– ამერიკელებთნ მატჩს ჩემი კალათბურთელები ზედმეტი თავდაჯერებით შეხვდნენ. ჩვენ ვეთამაშებოდით ჩვეულებრივ გუნდს, რომლის მსგავსიც მხოლოდ ამერიკაში ასზე მეტია. ამ თავდაჯერებამ ცუდად იმოქმედა, თავიდანვე რომ ვერ წაგვივიდა თამაში, მერე ვეღარ მოვახერხეთ ვითარების გამოსწორება. სწორედ ამაზე ვლაპარაკობდი აქამდე, რომ მთავარია კარგი დასაწყისი და საბრძოლო განწყობა – თუკი ეს იქნება, ნებისმიერი მატჩის მოგებაა შესაძლებელი. სწორედ ასე მოგვიგო „ვილანოვამ“, რომელიც მერე საქართველომ გაანადგურა. ესაა კალათბურთი.
 

 
ამასობაში ავტობული „ჰოლიდეი ინთან“ გაჩერდა და ისრაელის ნაკრებიც სასტუმროში გადაბარგდა. ნახევარ საათში კალათბურთელები უკან გამობრუნდნენ და სპორტის სასახლეში სავარჯიშოდ გაემართნენ: გადაკვეთეს მერაბ კოსტავას გამზირი და VIP შესასვლელით უმალ საკალათბურთო მოედანზე აღმოჩდნენ.
 
ებრაელების ვარჯიშმა დიდ ხანს არ გასტანა. არიკ შივეკმა კალათბურთელები მსუბუქად დატვირთა, რის ემდეგაც უფრო მეტი ფარში სროლებზე ავარჯიშა.
ისრაელი თამაშის დღეს დილის 11 საათზეც მსუბუქად ივარჯიშებს და დაელოდება საღამოს 6 საათს საქართევლოსთან სპარინგ-მატჩის გასამართად.
 
ისრაელის ნაკრები საქართველოს ამ 12 კალათბურთელით დაუპირისპირდება:
 
ტალ ბურშტეინი
გაი პნინი
იოგევ ოჰაიონი
ური კოკია
ლიორ ელიაჰუ
იანივ გრინი
ბორის როტბარტი
გალ მეკელი
დევიდ ბლუ
იუვალ ნაიმი
ელიშაი კადირი
ნისიმ აფიკი
 
მთავარი მწვრთნელი: არიკ შივეკი
ასისტენტები: ოდედ კატაში, დან შამირი