“არმია” საქართველოს ჩემპიონია!

“არმია” საქართველოს ჩემპიონია!

საკალათბურთო კლუბი არმია საქართველოს ჩემპიონია. თავდაცვის სამინისტროს გუნდმა ფინალური სერიის მეოთხე მატჩში “ოლიმპი” დაამარცხა და საერთო ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა. ჩემპიონობის მომტან შეხვედრაში არმიელებმა დამაჯერებელი ანგარიშით – 91:67 მოიგეს.
შედარებით თანაბარი მხოლოდ პირველი მეოთხედი გამოდგა. ოლიმპის კალათბურთელები 5 ქულით იგებდნენ, თუმცა გუნდის ლიდერმა გიორგი ცინცაძემ ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შესძლო. მეორე მეოთხედიდან არმიელებმა მატჩის სადავეები ხელთ იპყრეს და საბოლოოდ 24 ქულის სხვაობით მოიგეს. ჩემპიონთა შორის ამერიკელ ლეგიონერი ბენჯამინ ვუდსაიდი გამოირჩა, რომელმაც არმიას 20 ქულა შესძინა. ჯერემი რიჩარდსონის ანგარიშზე კი 18 ქულა დაგროვდა.
არმია საქართველოს ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. შარშან თავდაცვის სამინისტროს გუნდმა ფინალურ სერიაში სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი 3:1 დაამარცხა. რაც შეეხება “ოლიმპს”, ეს გუნდი ამ სეზონის დაწყების წინ შეიქმნა და სადებიუტო სეზონშივე ფინალში გასვლა მოახერხა.
 

 
მატჩის შემდეგ გამართული პრეს-კონფერენცია:
კოტე ტუღუში (“არმიას” მწვრთნელი): “მთავარი მწვრთნელის რანგში, ჩემპიონის ტიტული პირველად მოვიპოვე, ამიტომ ეს დღე ძალიან ემოციური გამოდგა ჩემთვის. ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, უპირველესყოვლისა კი – ჩემს მოთამაშეებს. ძალიან მძიმე დღეები გავიარეთ და ვამაყობ, რომ “არმიას” წევრი ვარ.
 მადლობა, ასევე გულშემატკივარს, მეტოქე გუნდსა და ჟურნალისტებს. თითოეული თქვენგანის აზრს ვითვალისწინებ და ვცდილობ, უკეთესი გავხდე.
 აღსანიშნავია, რომ წლეულს გამორჩეულად ძლიერი ჩემპიონატი იყო, რომელსაც ნაკრების მოთამაშეებმა – გიორგი ცინცაძემ და გიორგი გამყრელიძემ თავისებური ხიბლი შესძინეს. დასანანია, რომ დღეს ორივენი დაშავდნენ, ცინცაძემ კი, მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო”.
ზვიად ბაბიაშვილი (“არმიას” კალათბურთელი): “კაპიტნის ამპლუაში, მეც პირველად გავხდი ჩემპიონი. მწვრთნელს დავეთანხმები და ვიტყვი, რომ მართლა ძალიან ბევრს ვშრომობდით და ეს შრომა დაგვიფასდა. მოწინააღმდეგემ, მთელი წლის განმავლობაში კარგად იასპარეზა და ღირსეული წინააღმდეგობაც გაგვიწია”.

ანატოლი ბოისა (“არმიას” კალათბურთელი): “მთელი სეზონი ვლიდერობდით და  ლოგიკურია, რომ გავიმარჯვეთ. ჩვენ უფრო დიდი ხნის დაკომპლექტებულები ვართ, ვიდრე “ოლიმპი”, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა”.
გია კაზანჯიანი (“ოლიმპის” მწვრთნელი): “არმია”, თავისი სიძლიერით, აშკარად გამოირჩეოდა და დამსახურებულად იმარჯვა. რაც შეგვეხება ჩვენ, ტურნირის დაწყებამდე ორი კვირით ადრე შევიკრიბეთ, ამიტომ ვფიქრობ კარგ შედეგს მივაღწიეთ. პირველად ჩავატარე სეზონი მთავარი მწვრთნელის რანგში, დიდი გამოცდილებაც მივიღე, რაც, იმედია, მომავალში გამომადგება. მინდა, ყველა ჩემს მოთამაშეს მადლობა გადავუხადო. ვეცდებით, შემდეგ სეზონზე უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ”.
გიორგი გამყრელიძე (“ოლიმპის” კალათბურთელი): “არმია” საკმაოდ ძლიერი გუნდია, იმედია, კიდევ უფრო გაძლიერდება და ევროჩელენჯზეც წარმატებით იასპარეზებს. ვფიქრობ, საინტერესო ფინალები იყო და ვიმედოვნებ, რომ მომავალ წელს უკეთესი იქნება”