არმიამ ოქრო ბრინჯაოზე გაცვალა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

არმიამ ოქრო ბრინჯაოზე გაცვალა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

მესამე ადგილის
მფლობელი თავდაცვის სამინისტროს გუნდი გახდა. ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩში კოტე ტუღუშის
გაწვრთნილმა „არმიამ“ 68:57 დაამარცხა „ქუთაისი“ 

და გასულ სეზონებში ზედიზედ 2 ჩემპიონობის
შემდეგ მიმდინარე სეზონში მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდა.

არმიელებმა შეხვედრა
მეტი მობილიზებითა და მონდომებით ჩაატარეს. ტუღუშის გუნდს ლაშა ფარღალავა წინამძღოლობდა,
რომელიც საბოლოოდ 27 ქულით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. პირველი მეოთხედი არმიელებმა
23:9 მოიგეს, რის შემდეგაც ლიდერობა მთელი თამაშის მანძილზე ხელიდან აღარ გაუშვია.

ქუთაისელები ცდილობდნენ
მატჩის მსვლელობაში კორექტივების შეტანას, მაგრამ „არმია“ დაცვაში დამაჯერებლად ირჯებოდა.
ფარქვეშ რომ ხეირი ვერ ნახა, დავით უსტიაშვილის გაწვრთნილი იმერული კლუბი შორ სროლებზე
გადავიდა, მაგრამ მოთამაშეებს მიზანი ღალატობდათ, რაც არმიელებს გამარჯვებასთან უფრო
და უფრო აახლოვებდა.

საბოლოოდ შეხვედრა
ისე დამთავრდა, რომ თამაში არ დაძაბულა. ტუღუშის გუნდი დამაჯერებლად მივიდა გამარჯვებამდე
და ბრინჯაოს მედლებს დაეპატრონა. როგორც აღვნიშნეთ, 27 ქულით საუკეთესო ფარღაკლავა
იყო, ხოლო მისმა თანაგუნდელმა ბესიკ ლეჟავამ ორმაგი დუბლი (11 ქულა, 11 მოხსნა) შეასრულა.
9 ქულით დაასრულა შეხვედრა გიორგი ჯგერენაიამ, ხოლო გიორგი შარაბიძის ანგარიშზე 8 ქულა
დაგროვდა. ქუთაისელთა შორის 15-15 ქულით ბუბა კვიმსაძე, გიორგი ბარბაქაძე და რიჩარდ
მათიაშვილი გამოირჩნენ. ამ უკანასკნელის პირად ანგარიშზე 19 მოხსნაც დაგროვდა.
მესამე ადგილის მფლობელი არმიელები მედლებითა და შესაბამისი სიგელებით კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნოდარ ქორქიამ და თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა დააჯილდოვეს.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

კოტე ტუღუში(არმია): დიდი მადლობა
მინდა ვუთხრა ყველას. პირველ რიგში, მივულოცავ ჩემს გუნდს. მადლობა მოთამაშეებს თავდადებისთვის,
მთელი სეზონის განმავლობაში ბოლომდე იბრძოდნენ, განსაკუთებით, პლეი ოფებში. ჩვენთვის
საკმაოდ რთული სეზონი იყო.ბევრი პრობლემა გვქონდა, მიუხედავად ამისა, ყველაფრის გათვალისწინებით,
წარმატებით დავამთავრეთ სეზონი. მადლობა ,,ქუთაისს’’ და ყველა დანარჩენ გუნდს. ვფიქრობ,წელს
სუპერლიგა შედგა და საკმაოდ საინტერესო და სანახაობრივი ჩემპიონატი გამოვიდა. მადლობა
სუპერლიგის ხელმძღვანელობას, ასევე მსაჯებს. განსაკუთებული ჩემპიონატი იყო როგორც მოთამაშეებისთვის,
ისე მწვრთნელებისთვის, ჟურნალისტებისთვის და მაყურებლებისთვის.

დავით უსტიაშვილი(ქუთაისი): ჩვენთვისაც ძალიან
რთული სეზონი იყო, ბიჭებმა მაქსიმუმი გაიღეს. არ ვამბობ, რომ მე-4 ადგილზე უკეთესი
შედეგის ჩვენება არ შეგვეძლო. თუმცა, პირველ ადგილზე გასვლის შემთხევაშიც კი, ამ სეზონს
წარუმატებლად ვთვლი, რადგან დავკარგეთ უდიდესი ადამიანი, ჩვენი გელა დარსაძე. მადლობა
ბიჭებს მთელი წლის შრომისთვის, მართლაც ბევრი პრობლემა გვქონდა, მათ შორის სავარჯიშო
მოედნის პრობლემა. ძალიან დიდი სირთულე იყო პარკეტი. ურთულესი ნახევარფინალი გამოვიარეთ
,,რუსთავის’’ წინააღმდეგ, ასევე ,,შსს აკადემიასთან’’ გვქონდა მძიმე შეხვედრები. ბოლო
თამაში ქუთაისში დასანანად წავაგეთ, ერთ სროლას შეეძლო სერიაში ანგარიში 2:2 გაეხადა.
დღევანდელი შეხვედრა ,,არმიამ’’ დამსახურებულად მოიგო და ვულოცავ მათ.  პირველი პერიოდი ძალიან ცუდად ჩავატარეთ, მართალია,
დანარჩენი პერიოდები მოვიგეთ, თუმცა ფქილოგიურმა დაღლილობამ თავისი გაიტანა. მადლობა
ჩვენს გულშემატკივარს, რომელიც ყოველთვის ჩვენ გვერდით იყო, მოგების და წაგების დროსაც.
აუცილებელია, ქუთაისს საკალათბურთო გუნდი ჰყავდეს, რადგან ქუთაისში ეს სპორტი ძალიან
უყვართ.

ზვიად ბაბიაშვილი(არმია): მინდა მივულოცო
ჩემს გუნდს მესამე საპრიზო ადგილი. შედეგით კმაყოფილი ვართ. შეგვეძლო უფრო მაღალი ადგილებისთვის
ბრძოლა, თუმცა ბევრი პრობლემის გამო ვერ მოვახერხეთ. ტრავმიანობის, ლეგიონრების წასვლის
და სხვა მიზეზთა გათვალისწინებით, ნორმალური შედეგით დავასრულეთ სეზონი. დიდი მადლობა
ჩვენს მოწინააღმდეგეს, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში ძალიან დალაგებულ და სწორ
კალათბურთს თამაშობდა.

ბუბა კვიმსაძე(ქუთაისი): პირველ რიგში,
ვულოცავ ,,არმიას’’ ღირსეულ მესამე ადგილს. 
მეტი შეგვეძლო ამ სეზონში, თუმცა ბევრი რამ გამოვიარეთ, განსაკუთრებით, ბოლო
სამ თვეში და ღირსეულად ვიბრძოლეთ. ბევრი კარგი თამაში ვაჩვენეთ და დამსახურებულად
მოვხვდით საუკეთესო ოთხ გუნდს შორის. მადლობა ჩვენს გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის,
მათი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 
არმია – ქუთაისი 68:57