არმიამ სერია ოვერტაიმში გაათანაბრა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

„დინამო“ გავა ნახევარფინალში თუ „არმია“, ამას მეოთხედფინალური
სერიის მე-3, გადამწყვეტი მატჩი გადაწყვეტს. 

2 დღის წინ დრამატულად წაგებული მატჩის
შემდეგ არმიელებმა რეაბილიტაცია შეძლეს და არანაკლებ დაძაბულ და საინტერესო მატჩში
„დინამოს“ სერიის მეორე შეხვედრა მოუგეს.

 ეს მატჩი ძალიან წააგავდა წინა შეხვედრას, მაგრამ ფინალი
სხვანაირი გამოვიდა. სერიის პირველი შეხვედრის ბოლო წუთზეც 4 ქულას იგებდა „არმია“
და ეს უპირატესობა დაკარგა. თუმცა 2 დღის წინ არმიელებმა ძირითადშივე წააგეს მატჩი,
დღეს კი დამატებითი დრო დაინიშნა, ხოლო ოვერტაიმში კოტე ტუღუშის გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში
– 77:75 იმარჯვა.

 მატჩის უმეტესი დრო დინამოელთა ლიდერობით მიმდინარეობდა,
მაგრამ მუდმივად იგრძნობოდა ის მუხტი, რაც არმიელებიდან მოდიოდა და ცხადი იყო, რომ
ტუღუშის გუნდი იოლად არაფერს დათმობდა. „დინამომ“ პირველი ათწუთეული 16:10 მოიგო, ხოლო
დიდი შესვენებისთვის არმიელებმა 1 ქულით შეამცირეს ჩამორჩენა – 29:34. დინამოელთა ამერიკელ
ლეგიონერებს სროლები მისდიოდათ – ლამარ კარიმს და ქიენ კარტერს მხარს ბექა ჩიკვილაძეც
კარგად უბამდა და ირაკლი ხოშტარიას გუნდს მესამე მეოთხედამდე პრობლემა არ შექმნია.

 არმიელებმა მესამე პერიოდიდან დაცვა გაამაგრეს, რამაც
პერიოდის დასრულებისთვის გამოიღო ნაყოფი. მესამე მეოთხედის დასრულებამდე 3,40 წუთით
ადრე „დინამო“ 53:48 იგებდა, როცა ტუღუშის გუნდმა გაქცევა მოაწყო. პერიოდის ბოლომდე
დინამოელებმა ბურთი ვერ ჩააგდეს, ხოლო „არმიამ“ 9 უპასუხო ქულა მიითვალა და გადამწყვეტი
მეოთხედის წინ 57:53 დაწინაურდა. 3-წუთიან მონაკვეთში ბურთები ანატოლი ბოისამ, გიორგი
გამყრელიძემ და გიორგი ჯგერენაიამ ჩააგდეს.

 ბოლო პერიოდში არმიელები თავგამოდებით ინარჩუნებდნენ ლიდერობას,
ხოლო დინამოელები ყველაფერს აკეთებდნენ თამაშის გადასარჩენად. ბოლო წუთი რომ დაიწყო,
„არმია“ 67:63 იგებდა, მაგრამ ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. გამყრელიძემ ბურთი ორჯერ
დაკარგა, დინამოელმა კარტერმა კი ორჯერვე ორქულიანი ჩააგდო და ძირითადი დროის დასრულებამდე
24 წამით ადრე ანგარიში გათანაბრდა – 67:67.

 ოვერტაიმში „არმია“ ჯერ ჩამორჩა, თუმცა ბექა წივწივაძისა
და გამყრელიძის შედეგიანი თამაშის წყალობით კვლავ 4 ქულით დაწინაურდა – 75:71. მილან
ოლუიჩმა დასრულებამდე 1 წუთით ადრე დინამოელთა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა, რასაც
ზვიად ბაბიაშვილის უმნიშვნელოვანესი ორქულიანი მოჰყვა. ქიენ კარტერმა საფინალო სირენამდე
30 წამით ადრე კვლავ 2 ქულამდე შეამცირა ჩამორჩენა. არმიელებმა ბურთი ბოლომდე გაათამაშეს,
შეტევისთვის განკუთვნილი 24 წამი სრულად ამოწურეს და შარაბიძემ სულ ბოლო წამს ესროლა,
მაგრამ არაზუსტად. მოხსნა დინამოელმა ბექა ჩიკვილაძემ მოიპოვა, რომელსაც ბურთზე ხელი
ზვიად ბაბიაშვილმა გაუკრა. ბურთმა თითქმის ნახევარი მოედანი იკოტრიალა, რითაც „ოქროს
წამები“ გავიდა და „დინამოს“ შესატევად მხოლოდ 1,6 წამი დარჩა.

 ირაკლი ხოშტარიას გუნდმა გამარჯვების შანსი მაინც მოძებნა.
ლამარ კარიმმა სამქულიანი ხელსაყრელი სიტუაციიდან ესროლა, ბურთი კალათზე დატრიალდა
და უკან ამოვარდა. „არმია“ ამჯერად გადაურჩა ბოლო წამზე დამარცხებას.

 წინა მატჩის მსგავსად, არმიელთა ახალგაზრდა ცენტრმა
გიორგი შარაბიძემ 25 ქულა მოაგროვა, რასაც 9 მოხსნაც მოაყოლა. 17 ქულა, 10 პასი და
7 მოხსნა ჰქონდა გამყრელიძეს, ხოლო ზვიად ბაბიაშვილმა შეხვედრა 10 ქულით დაასრულა.
დინამოელთაგან 18 ქულით საუკეთესო იყო ქიენ კარტერი, 17 ქულა ჰქონდა ლამარ კარიმს,
ხოლო ბექა ჩიკვილაძემ და მილან ოლუიჩმა შეხვედრა 15-15 ქულით დაასრულეს.

 ამ გუნდებს შორის მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა 27 აპრილს,
სპორტკომპლექს „არენაში“, 27 აპრილს, 20 საათზე გაიმართება. სერიის გამარჯვებული ნახევარფინალში
„ოლიმპს“ დაუპირისპირდება.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

კოტე ტუღუში
( არმია): დიდი მადლობა თითოეულ ჩემს მოთამაშეს, წინა წაგებული
შეხვედრის შემდეგ ურთულესს სიტუაციაში აღმოვჩნდით, გუნდისთვის ძალიან მძიმე იყო ამ
ყველაფრის გადატანა, თუმცა ეს მოხერხდა ყველა იმ ადამიანის ხელშეწყობით, ვინც ჩვენს
კლუბშია, დიდი მადლობა მოთამაშეებს, მწვრთნელებს, ექიმებს, პრეზიდენტს და ა.შ. მადლობა
ასევე მეტოქეს, პირადად მე მართლაც რომ სიამოვნება მივიღე ამ შეხვედრით. მესამე თამაში
წინ გველის და რა თქმა უნდა შევეცდებით მივაღწიოთ სასურველ შედეგს. დიდი მადლობა ორივე
გუნდის გულშემატკივარს, ასეთი მხურვალე ქომაგობისთვის.

ირაკლი ხოშტარია
(დინამო): მივულოცავ არმიას მოგებას, მიუხედავად იმისა რომ დღეს
წავაგეთ, ამით არაფერია დამთავრებული. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ბიჭები მესამე და
გადამწყვეტ შეხვედრაში ძალებს არ დაიშურებენ და ყველანაირად მზად იქნებიან, როგორც
ფსიქოლოგიურად, ასევე ტაქტიკურად. რაც შეეხება არმიას, ძლიერი გუნდია მაღალი კლასის
მოთამაშეებით. უკვე მეორე თამაშია  გიორგი შარაბიძე
პრობლემას გვიქმნის, თუმცა ვეცდებით ეს პრობლემაც გადავჭრათ.

ლაშა გამყრელიძე
(არმია): მივულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას.ძალიან დაძაბული,
სანახაობრივი შეხვედრა იყო. მეორე თამაშიც  ქულა-ქულაში, მიმდინარეობდა, რაც მაყურებლისთვის
ძალიან საინტერესოა. პირადად მე მთელი სეზონის მანძილზე თამაშით ისეთი სიამოვნება არ
მიმიღია.  ,,დინამო” ძლიერი გუნდია, თუმცა მესამე
შეხვედრაში ვეცდებით  ჩვენ გავიმარჯვოთ.

ბექა ჩიკვილაძე
(დინამო): მივულოცავ არმიას, სამწუხაროა , რომ წავაგეთ, თუმცა
შევეცდებით რომ მესამე გადამწყვეტ შეხვედრაში წარმატებას მივაღწიოთ.

დინამო – არმია 75:77
თსუ – ოლიმპი  77:117
სოხუმი – შსს აკადემია 67:80