“არმიამ” თბილისში ჰოლანდიური “ლეიდენიც” დაამარცხა

“არმიამ” თბილისში ჰოლანდიური “ლეიდენიც” დაამარცხა

სამი მატჩიდან ორი გამარჯვება – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდმა ევროჩელენჯის ჯგუფური ეტაპის პირველი წრე მეორე ადგილზე დაასრულა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა “არმიამ” გუშინ სპორტის სასახლეში ჰოლანდიური “ლეიდენი” დაამარცხა და ლიდერი „ბეშიქთაშის“ შემდეგ ჯგუფიდან გამსვლელ მეორე ადგილზე იმყოფება.
 
„ლეიდენი“ მეტად კერკეტი გუნდი აღმოჩნდა. ჰოლანდიელებმა ქართული კლუბის პირველ მეოთხედში მოპოვებული ათქულიანი უპირატესობა გააბათილეს და პირველი ტაიმის შემდეგ 37:36 დაწინაურდნენ. სტუმრები არც დიდი შესვენების შემდეგ გატყდნენ და უპირატესობის გაზრდაც მოახერხეს. „ლეიდენმა“ ლიდერობა ძირითადად დაცვის ხარჯზე მოახერხა, თუმც აღსანიშნავია ჰოლანდიელების ზუსტი შორი ტყორცნებიც, რამაც სტუმრები გადამწყვეტი მეოთხედის წინ 4 ქულით დააწინაურა.
 

შეტევაშია ჯერემი რიჩარდსონი
 
ბოლო ათწუთეული არმიელებმა აქტიურად დაიწყეს. ქართული გუნდის ამერიკელი ლეგიონერები – სანდიეტა გეინსი და ჯერემი რიჩარდსონი აშკარად ჯაბნიდნენ მეტოქეებს, ხოლო პუერტორიკელმა გილერმე დიასმა შესანიშნავი გამთამაშებლური ნიჭი გამოავლინა და ტუღუშის გუნდმაც ლიდერობა დაიბრუნა. “არმიამ” დაცვაში ზედიზედ რამდენჯერმე ჩაჭრა ბურთი, შეტევებიც წარმატებით დაგვირგვინდა და მასპინძლებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს – 67:60.
 
საბოლოოდ “არმიამ” 3 ქულის სხვაობით დაამარცხა „ლეიდენი“ და პირად აქტივში მორიგი 2 ქულა ჩაიწერა. ტუღუშის გუნდს ჯგუფში კიდევ 3 მატჩი აქვს სათამაშო. მორიგ შეხვედრას არმიელები გერმანიაში იმ გოტინგენთან გამართავენ, რომელიც პირველ ტურში თბილისში 6 ქულის სხვაობით დაამარცხეს.
 
კოტე ტუღუში (“არმიას” მწვრთნელი):- მოსალოდნელი შედეგი დაფიქსირდა, რადგან შინ, მრავალათასიანი აუდიტორიის წინაშე ვთამაშობდით. ჩვენი ქომაგი ყოველთვის ძალიან გვეხმარება. მოსალოდნელი იყო ისიც, რომ “ლეიდენი” დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევდა, მებრძოლი გუნდია. ეს წინა ტურში “გოტინგენის” გერმანიაში ძლევით დაამტკიცა.
 
გილერმო დიასი (“არმიას” უკანახაზელი): – საინტერესო თამაში გამოვიდა. შინ ვთამაშობდით და ეს უპირატესობა ტაბლოზე უნდა დაგვეფიქსირებინა. მძიმე ბრძოლის შედეგად მიზანს მივაღწიეთ. ამაზე არ უნდა შევჩერდეთ.
 
ტონ ვან ჰელფტერენი (“ლეიდენის” მწვრთნელი):- მეტოქეს კომპლიმენტი ეკუთვნის. მისი თამაში თურქებთანაც ვნახე და გერმანელებთანაც, მაგრამ დღეს მაინც ვერ მოვახერხე “არმიას” პლუსების შეზღუდვა. ქართულ გუნდს უამრავი იარაღი აღმოაჩნდა, რამაც მათი გამარჯვება განაპირობა. განმეორებითი შეხვედრისთვის განსაკუთრებულად უნდა მოვემზადოთ, თუმცა დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ “ბეშიქთაშთან” ერთად “არმია” ჯგუფის ფავორიტია.
 
სიმუს ბოქსლი (“ლეიდენის” ფორვარდი):- დარბაზში საოცარი ატმოსფერო დაგვხვდა. მატჩის შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა სავსე ტრიბუნებმა. “არმია” მართლაც ძლიერი გუნდია, მაღალი კლასის შემსრულებლებით დაკომპლექტებული.
 
ევროჩელენჯის ჯგუფური ტურნირი. B ჯგუფი. I წრე. III ტური
“არმია” – “ლეიდენი” 74:71
22:15, 14:22, 18:21, 20:13
არმია: გეინსი (20), დიასი (10), რიჩარდსონი (15), ტომასი (14 ქ. 13 მ.), შელბომი (9 ქ. 9 მ.); ბაბიაშვილი, ბოისა (5), საყვარელიძე (1).
ლეიდენი: ჯეკსონი (8), დე იონგი (4), შეპარდი (3), კენედი (13), კონრადი (11 ქ. 10 მ.); სლაგთერი (12), სასი (3), კერაზი, ჰოლიმანი (6), კანინგერი (11).
მსაჯები: გეორგიოს თანაიზისი, დრაგან კრაილი, მარეკ მალისზევსკი
კომისარი: ალგიმანდას პავილონისი
 
 
ევროჩელენჯის B ჯგუფის სატურნირო მდგომარეობა პირველი წრის შემდეგ:
 
1       ბეშიქთაში         3       3       0       6
2       არმია                3       2       1       5
3       ლეიდენი           3       1       2       4
4       გოტინგენი         3       0       3       3
 
 
 
მეორე წრის შეხვედრათა განრიგი:
29 ნოემბერი
“გოტინგენი” (გერმანია) – “არმია” (საქართველო)
“ბეშიქთაში” (თურქეთი) – “ლეიდენი” (ჰოლანდია)
6 დეკემბერი
“არმია” – “ბეშიქთაში”
“ლეიდენი” – “გოტინგენი”
13 დეკემბერი
“ლეიდენი” – “არმია”
“გოტინგენი” – “ბეშიქთაში”