“არმიას” ჯგუფიდან ნაადრევად გასასვლელად მცირედი დააკლდა – წინ “ლეიდენია”

“არმიას” ჯგუფიდან ნაადრევად გასასვლელად მცირედი დააკლდა – წინ “ლეიდენია”

თავდაცვის სამინისტროს გუნდმა დასანანი მარცხი იწვნია. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა „არმიამ“ სპორტის სასახლეში თურქულ „ბეშიქთშს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2 ქულის სხვაობით – 75:77 დამარცხდა. ქართული კლუბი თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდა, არმიელთა უპირატესობამ რიგ მომენტებში 8 ქულასაც კი მიაღწია. თამაშის დასრულებამდე ორიოდ წუთით ადრე ქართული კლუბი 5 ქულით იგებდა, თუმცა სტუმართა ზუსტი თამაშის წყალობით „ბეშიქთაშმა“ წარმატებას მიაღწია.
 

არმიელი უილიამ ტომასი
 
არადა, გამარჯვების შემთხვევაში „არმია“ ჯგუფიდან გასვლას ინაღდებდა. ტუღუშის გუნდი მიუწვდომელი გახდებოდა ჯგუფში მესამე ადგილზე მყოფი ჰოლანდიური „ლეიდენისთვის“. არმიელებს არც ახლა აქვთ ურიგო შანსი: თუკი დღეს მეხუთე ტურის მეორე მატჩში გერმანული „გიოტინგენი“ ჰოლანდიაში „ლეიდენს“ მოუგებს, არმიელები ჯგუფიდან გასვლას გაინაღდებენ. თუ არადა, ბოლო ტურში, ტუღუშის გუნდს ჰოლანდიაში ლეიდენელთა დამარცხება მართებთ.
 
რაც შეეხება “არმია” – “ბეშიქთაშის” შეხვედრას, მიუხედავად იმისა, რომ თურქულ კლუბს მომდევო ეტაპის საგზური უკვე მოპოვებული ჰქონდა, მაინც ბოლომდე იბრძოლა და მეტოქეს არაფერი დაუთმო. განსაკუთრებით დაგლი, დავიდ ჰოუკინსი, ჩეტინი და ერცეგი გამოირჩეოდნენ. ამ კალათბურთელებმა თითქმის შეუცვლელად ითამაშეს და სტუმართა გამარჯვებაში ლომის წილი შეიტანეს.
შეგახსენებთ, რომ თურქულ კლუბს ორი ლიდერი, დერონ უილიამსი და სემის ერდენი არ ჰყავდათ, რომელბიც ლოკაუტის დასრულების შემდეგ NBA-ს დაუბრუნდნენ. ანალოგიური  იზეზით “არმიამ” სანდიეტა გეინსი მოისაკლისა, ხოლო პუერტო-რიკოელი ლეგიონერი გილერმო დიასი კი ტრავმის გამო არ თამაშობდა, “არმია” დანაკლისის ანაზღაურებას შეეცადა და სასწრფოდ სამი ლეგიონერი, კლიფტონ ჰოუკინსი, მეთიუ ფრეიე და ბენჟამენ ვუდსაიდი დაიმატა. ამ უკანასკნელმა გუნდთან ერთად მხოლოდ ორი ვარჯიშის ჩატარება მოასწრო. ამის მიუხედავად, გამთამაშებელმა ვუდსაიდმა ახალწვეულებს შორის ყველაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ორმაგ დუბლამდე (13 ქ. 7 პ.) სამი პასი დააკლდა.
 
ბოლო წამებზე დრამა გათამაშდა, რომელიც სტუმართათვის სასიკეთოდ დასრულდა. საფინალო სირენამდე 9 წამით ადრე ჯერემი რიჩარდსონმა ანგარიში გაათანაბრა – 75:75. საპსუხო შეტევაში ბეშიქთაშის კალათბურთელებმა ბურთი გაათამაშეს და დასრულებამდე 1,3 წამით ადრე დევიდ ჰოუკინსმა თურქული კლუბი 77:75 დააწინაურა. დარჩენილ მცირე დროში არმიელებმა მოახერხეს სროლის განხორციელება, თუმცა მეთ ფრეის შორეული ორქულიანი მიზანს ოდნავ ასცდა.
 
ერგინ ატამანი (“ბეშიქთაშის” მწვრთნელი): “დღევანდელი თამაში ჩვენთვის ძალიან სასურველი შედეგით დასრულდა. თბილისში ორი წამყვანი მოთამაშის გარეშე (დერონ უილიამსი და სემიჰ ერდენი) ჩამოვედით, ამიტომ ვფიქრობდი, რომ 7-10 ქულით წავაგებდით. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის, მოგება სიურპრიზი იყო”.
კოტე ტუღუში (“არმიას” მწვრთნელი): “საკმაოდ დაძაბული შეხვედრა გამოდგა. მოგების შანსი გვქონდა, თუმცა ბიჭებს წაგებაში არ ვადანაშაულებ, რადგან ბოლომდე იბრძოლეს. ახლა უმთავრესი, ჰოლანდიის “ლეიდენის” დამარცხება და მომდევნო ეტაპის საგზურის მოპოვებაა”.
ბენ ვუდსაიდი: “კარგი ატმოსფერო სუფევდა, რის გამოც, ძალიან სანახაობრივი მატჩი გამოვიდა. “არმიაში” კარგი სიტუაციაა და იმედია, ეს გარემოება მომავალში წარმატებას მოგვიტანს”.
ანატოლი ბოისა: “დასანანი მარცხი ვიწვნიეთ. თუმცა ჯერ კიდევ გვაქვს შანსი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მომავალ სამშაბათს, შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოვიპოვოთ”.
შეგახსენებთ, რომ “არმია” ჯგუფში ბოლო შეხვედრას 13 დეკემბერს, ჰოლანდიაში, “ლეიდენის” წინააღმდეგ გამართავს. გამარჯვების შემთხვევაში კი, მომდევნო ეტაპის საგზურს მოიპოვებს.
 

“არმიას” მთავრობის წევრები და ქალაქის მერი მხურვალედ ქომაგობდნენ  
 
ევროჩელენჯი. B ჯგუფი. მე–5 ტური. 6 დეკემბერი. თბილისი
არმია 75:77 ბეშიქთაში
20:21, 17:18, 19:11, 19:27
არმია: კლიფტონ ჰოუკინსი, ბოისა (5), რიჩარდსონი (15), ტომასი(15 ქ. 8 მ.), შელბომი (17 ქ. 13 მ.); ვუდსაიდი (13 ქ. 7 პ.), საყვარელიძე (2), ფრეიე (8).
ბეშიქთაში: აკინი (4), ჩეტინი (16), ერცეგი (12), დავიდ ჰოუკინსი (17), დაგლი (18 ქ. 13 მ.); იაგმური (7 ქ. 8 პ.), ერშეკი (3), ორენი.
კომისარი: სტაფრი ბეილო
მსაჯები: ვაარი რაინიჩი, დორუ ვინასი, იგოს ობრკნეზევისი
 
სატურნირო მდგომარეობა 6 დეკემბრისთვის
1     ბეშიქთაში  5     5     0     447-378
2     არმია             5     3     2     382-388
3     ლეიდენი   4     1     3     278-307
4     გოტინგენი  4     0     4     302-336
 
 
დარჩენილ შეხვედრათა განრიგი
7 დეკემბერი
ლეიდენი – გოტინგენი
13 დეკემბერი
გოტინგენი – ბეშიქთაში
ლეიდენი – არმია