“არმიას” წარმატებული დებიუტი ევროსარბიელზე

“არმიას” წარმატებული დებიუტი ევროსარბიელზე

82:76 – თავდაცვის სამინისტროს გუნდის ევროდებიუტი წარმატებული გამოდგა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „არმიამ“ ევროჩელენჯის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ამ ტურნირის შარშანწინდელი ტრიუმფატორი გერმანული  “გოტინგენი” დაამარცხა. არმიელებთან ერთად მწვრთნელის რანგში ევროდებიუტი ჰქონდა გასულ სეზონში გუნდის კაპიტანსა და საუკეთესო მოთამაშე კოტე ტუღუშსაც.
 
 
შეხვედრა ქართული გუნდის უპირატესობით დაიწყო. ტუღუშის გაწვრთნილმა არმიელებმა პირველივე მეოთხედში მოიპოვეს სოლიდური ლიდრობა და საწყისი 10 წუთის შემდეგ 9 ქულით დაწინაურდნენ. ქულათა ეს სხვაობა დიდი შესვენებისთვისაც შენარჩუნდა, რაც არმიელთა ლეგიონერების დამსახურება გახლდათ. განსაკუთრებით გამოირჩა ამერიკელი სანდიეტა გეინსი, რომელიც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გუნდ “ნიუ ჯერსის” წევრია და ლოკაუტის დასრულებამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გუნდში ითამაშებს.
 

გერმანელთა კალათს უტევს სანდიეტა გეინსი
 
საბოლოოდ გეინსმა 24 ქულა დააგროვა. 7 ცდიდან მან 5 სამქულიანი ჩააგდო, საიდანაც ბოლო სროლამ თამაშის ბედი გადაწყვიტა. გერმანულმა კლუბმა ბოლო მეოთხედში მობილიზება შეძლო და 10-ქულიანი ჩამორჩენა ოთხამდე შეამცირა. სავსე ტრიბუნები და განსაკუთრებით კლუბის ფანების სექტორი არმიელებს მთელი თამაშის განმავლობაში გვერდში ედგა. ქომაგების შეგულიანებულმა არმიელებმა ბოლო წუთებში გაუძლეს “გიოტინგენის” შემოტევებს. ჯერემი რიჩარდსონმა და სანდიეტა გეინსმა საკუთარი კლასი ბოლომდე გამოავლინეს და მატჩი ისე ჩამთავრდა, „გოტინგენს“ წარმატების რეალური შანსი არ მისცემია.
 
 
B ჯგუფში გამართული მეორე შეხვედრა ნაკლებად საინტერესო გამოდგა. თურქულმა „ბეშიქთაშმა“ ჰოლანდიაში ზედმეტი გართულების გარეშე – 28 ქულის სხვაობით (86:58) დაამარცხა ადგილობრივი „ლეიდენი“. მომდევნო ტურში, 15 ნოემბერს, „არმია“ სტამბოლში სწორედ „ბეშიქთაშს“ შეხვდება. სანდიეტა გეინსს ყოფილ თანაგუნდელთან მოუწევს დაპირისპირება. გეინსი 2009–10 წლების სეზონში „იუტა ჯაზში“ თამაშობდა, სადაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთ–ერთი საუკეთესო გამთამაშებლის, დერონ უილიამსის შემცვლელი იყო. უილიამსი ამჟამად „ბეშიქთაშის“ ღირსებას იცავს და მას 15 ნოემბერს არმიელ სანდიეტა გეინსთან მოუწევს ოპონირება.
 
კოტე ტუღუში, “არმიას” მთავარი მწვრთნელი:
– ევროპის საკლუბო ტურნირებში ეს ჩვენი პირველი შეხვედრა იყო, ამიტომ დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვა გვქონდა. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მატჩს შინ ვატარებდით და მრავალრიცხოვანი პუბლიკის წინაშე წაგება არ შეიძლებოდა. გამოუცდელობამაც იჩინა თავი. თუმცა მომდევნო შეხვედრის წინ თავდაჯერება შეგვემატა და ვიმედოვნებ, უკეთესადაც ვითამაშებთ.
 
სანდიეტა გეინსი, “არმიას” გამთამაშებელი:
– წინასწარ ვიცოდით, რომ ძლიერ მეტოქესთან გვქონდა საქმე. “გოტინგენმა” მართლაც კარგად ითამაშა, თუმცა ჩვენც სათანადოდ გავისარჯეთ. მეოთხე პერიოდში, როცა შეხვედრის ბედი წყდებოდა, ზუსტად ვისროლეთ და შედეგი ამან განაპირობა. ახლა მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ, შემდეგ სამშაბათს “ბეშიქთაში” გველის. ვფიქრობ, მეორე შეხვედრას პირველზე უკეთ ჩავატარებთ.
 
შტეფან მიენაკი, “გიოტინგენის” მთავარი მწვრთნელი:
– თბილისში ძლიერი მეტოქე დაგვხვდა, ატმოსფეროც შესანიშნავი იყო. ჩვენც მაქსიმუმი გავაკეთეთ და ვფიქრობ, საინტერესო თამაში გამოვიდა. გადამწყვეტი როლი ითამაშეს არმიელთა სნაიპერებმა ჯერემი რიჩარდსონმა და სანდიატა გეინსმა. ბოლო მომენტში მათი შეჩერება ვერ მოვახერხეთ. ამ წაგებით დაკარგული არაფერია, ჯგუფში თანაბარი ძალის გუნდები არიან შეკრებილნი და არავინ იცის, მომდევნო მატჩებში მოვლენები როგორ განვითარდება.
 
თბილისი. 8 ნოემბერი. სპორტის სასახლე. ევროჩელენჯის ჯგუფური ტურნირი. B ჯგუფი. I ტური
არმია (საქართველო) – გიოტინგენი (გერმანია) 82:76
23:14, 20:20, 15:14, 24:28
“არმია”: გეინსი (24), დიასი (10ქ.8პ.), რიჩარდსონი (17ქ.9მ.), ტომასი (18ქ.13მ.), შელბომი (9ქ.15მ.); ბაბიაშვილი, ბოისა (4), საყვარელიძე
“გიოტინგენი”: დეილი (10), ჰორნი (22), აჰელეგბე (7), სონდერსი (13ქ.8მ.), მაფრა (18ქ.9მ.); ნოხი, ვებერი, საიკსი (6)
კომისარი: ემილ ბაიჩი
მსაჯები: სეფი შემეხი (ისრაელი), დიმიტარ გოლოგანოვი (ბულგარეთი), საშო პეტეკი (სლოვენია)
 

ბურთისთვის იბრძვის ანატოლი ბოისა
 

ჯერემი რიჩარდსონის შედეგიანი გარღვევა