არვიდას საბონისი ლიტვის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტია

არვიდას საბონისი ლიტვის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტია

არვიდას საბონისი ლიტვის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტია. ლიტვური კალათბურთის ლეგენდა არჩევნებში ერთსულოვნად იქნა არჩეული. საბონისმა ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე ვლადას გარასტასი შეცვალა, რომელიც ლიტვურ კალათბურთს ბოლო 8 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა.
 

 
„ეს არის ჩემთვის დიდი პატივი. ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მეძლევა, ლიტვური კალათბურთის განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო” – ეს იყო საბონისის პირველი სიტყვები არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.
 
არვიდას საბონისს უკვე დიდი წვლილი აქვს შეტანილი არა მარტო ლიტვური, არამედ ზოგადად მსოფლიო კალათბურთის განვითარებაში. ცნობილი ლიტველი ცენტრალური თავდამსხმელი შეყვანილია ნბა-სა და ფიბა-ს დიდების დარბაზებში. საბონისს საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში 1988 წელს მოგებული აქვს ოლიმპიური ოქრო. „საბასი“ ხცოვან ასაკში უმაღლეს დონეზე თამაშობდა მსოფლიოს უძლიერეს საკალათბურთი ლიგაში (ნბა–ში) და დღემდე ერთ–ერთ საუკეთესო ცენტრალურ თავდამსხმელად ითვლება მთელს მსოფლიოში.
 
არვიდას საბონისი ლიტვაში წლეულს ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის ელჩი გახლდათ და ტურნირის ორგანიზებაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ლიტველმა ვეტერანმა კალათბურთელმა ახალანს გულის შეტევა გადაიტანა, თუმცა როგორც ლიტვური მედია აღნიშნავს, საბონისს არც საავადმყოფოში ყოფნისას შეუწყვეტია სარჩევნო პროგრამაზე მუშაობა.
 
არვიდას საბონისის მომავალი მუშაობის პრიორიტეტებს შეადგენს: ქვეყანაში კალათბურთის განვითარება, არსებული ფინანსური სიტუაციის გამოსწორება, სპონსორების მოზიდვა, ქალთა კალათბურთის განვითარება და ახალგაზრდა ლიტველი მწვრთნელების პირობების გაუმჯობესება, რათა მათი სამუშაოდ უცხოეთში წასვლის ტენდენცია შემცირდეს. ახლადგაპრეზიდენტებულმა საბონისმა ამ სიტყვებით მიმართა ფედერაციის წევრებს – „გავერთიანდეთ საერთო მიზნის მისაღწევად და გვერდზე გადავდოთ პირადი ამბიციები“.
 

საბონისი თბილისში, ევრობასკეტ 2011–ის პრეზენტაციისას. მარცხნიდან: საქართველოს
 კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი, საქართველოში ლიტვის
ელჩი იონას პასლაუსკასი და თავად არვიდას საბონისი
 
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ულოცავს არვიდას საბონისს ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს ლიტვური კალათბურთის განვითარების საქმეში.