არვიდას საბონისმა ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური პრეზენტაცია “თბილისი მერიოტში” მოაწყო

არვიდას საბონისმა ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური პრეზენტაცია “თბილისი მერიოტში” მოაწყო

ლეგენდარული ლიტველი კალათბურთელი არვიდას საბონისი 24 მაისს თბილისს 3-დღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ევროპული კალათბურთის ცოცხალი ლეგენდა, არაერთი ტიტულის მქონე ლიტველი ცენტრი ამჯამად ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის ელჩი და  ოფიციალური სახეა, რომელიც მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის პოპულარიზაციის პროპაგანდას ევროპის სხვადასახვა ქვეყნაში ეწევა. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და კალათბურთის ფედერაციის ერთობლივი მოწვევით, საბონისი თბილისში ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებთან ერთად  ჩამოვიდა. 25 მაისს სასტუმრო „თბილისი მერიოტში” მოეწყო ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის ოფიციალური პრეზენტაცია, რომელიც ლიტვის ელჩმა და თავად არვიდას საბონისმა წარმოადგინეს. სტუმრებმა, საქართველოში ლიტვის ელჩმა იონას პასლაუსკასმა, არვიდას საბონისმა და კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა ქართველი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს და მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრეს.
იონას პასლაუსკასი:“ მოგესალმებით, მიხარია რომ საქართველოში ამდენი მეგობარი გვყავს. საქართველოს ნაკრები პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა წარმატება გისურვოთ. კალათბურთი ლიტვაში თითქმის რელიგიის დონეზეა აყვანილი, ეს სპორტის სახეობა ლიტველებს ძალიან უყვართ. არვიდას საბონისი დიდი კალათბურთელი იყო და მას ლიტვაში ყველა აფასებს, გვიხარია, რომ კარიერის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და ბავშვთა აკადემია დაარსა“. არვიდას საბონისი:“ მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ. დიდი მადლობა გულთბილი მასპინძლობისთვის. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს და ეს უდავოდ სასიხარულო ამბავია. მინდა, რომ ლიტვაში წარმატება გისურვოთ. თქვენი ჯგუფის ფავორიტები რუსეთი და სლოვენია არიან, თუმცა მთლიანობაშიც საკმაოდ რთული ჯგუფია და საინტერესო შეხვედრებს ველი. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის ფავორიტებს, ნომერ პირველი ფავორიტი, ცხადია ლიტვაა, სხვებსაც კარგი ნაკრებები ჰყავთ – ესპანეთი, სერბეთი, სლოვენია და საბერძნეთი ბოლომდე იბრძოლებენ“.
ამის შემდეგ საბონისმა ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა.- საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური პარტნიორია სპორტული ეკიპირების ფირმა „ტუტა“, რომელიც თქვენი კომპანიაა. საქართველოს ნაკრებსაც და ფირმა „ტუტასაც“ ევროპის ჩემპიონატზე დებიუტი გექნებათ. რას იტყვით საქართველოს ნაკრებთან თანამშრომლობაზე? – ჩემმა ფირმამ სახელი შეიცვალა და ახლა ჰქვია „საბას-220“. გარდა იმისა რომ სპორტულ ტანისამოსს ვუშვებთ, ვაწარმოებთ ჩვეულებრივ ტანისამოსს, რომლის მოხმარებაც შეუძლიათ როგორც ჩვეულებრივ, ასევე ჩემსავით ტანმაღალ ადამიანებს. იმედია, საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატი წარმატებული იქნება, დარწმუნებული ვარ მოთამაშეებს ამ ფორმაში დისკომფორტი არ შეექმნებათ.

„ჟალგირისისა“ და თბილისის „დინამოს“ ძველ შეხვედრებს როგორ გაიხსენებთ?- საინტერესო, დაძაბული მატჩები იყო. გადაჭედილი ტრიბუნების წინ ვთამაშობდით, ახლა ის შეხვედრები კარგად მახსენდება. საქართველოში გუშინ ჩამოვედი და საკმაო დრო მქონდა საიმისოდ, რომ ჩემს აქაურ მეგობრებთან ერთად ძველი დრო გამეხსენებინა.ბესიკ ლიპარტელიანი:“ დიდი მადლობა არვიდას საბონისს, იმისთვის რომ გამონახა დრო და თბილისში ჩამოვიდა. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად თამაშობს, ამდენად ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანი ჩემპიონატი იქნება და ნაკრები მაქსიმუმს გააკეთებს, ჯგუფიდან რომ გავიდეს“.
 
პრეზენტაციის შემდეგ არვიდას საბონისი და მისი თანმხლები პირები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში გაემართნენ, სადაც ვლადიმერ ვარძელაშვილს და ქართული სპორტის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. შეხვერდას საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები – პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი და გენერალური მდივანი მერაბ რატიშვილი ესწრებოდნენ . შეხვედრაზე იმყოფებოდა ვეტერანი კალათბურთელი, არვიდას საბონისის მთავარი საკლუბო ოპონენტი, ძველი დინამოელი, ნიკოლოზ დერიუგინი, ასევე ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები და ლიტვაში საქართველოსსაგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ქერდიყოშვილი.