ასპროცენტიანი შერმადინი და “ოლიმპიას” დასანანი წაგება ათენში

ასპროცენტიანი შერმადინი და “ოლიმპიას” დასანანი წაგება ათენში

ევროლიგაში დასანანი მარცხი განიცადა გიორგი შერმადინისა და ვლადიმერ ბოისას „ოლიმპიამ“. სლოვენიური კლუბი ათენში „პანათინაიკოსს“ შეხვდა და დამატებით დროში – 95:88 დამარცხდა.
 
ოლიმპიელებმა საკუთარ თავს უნდა დააბრალონ, მოგებული მატჩი რომ წაგეს. ბოლო მეოთხედში ისინი 9 ქულას იგებდნენ, თუმცა ყველაზე რეალური „ოლიმპიას“ გამარჯვება ძირითადი დროის დასრულებამდე 15 წამით ადრე იყო, როცა ლიუბლიანელები 77:72 ლიდერობდნენ. ასეთი მატჩების გადარჩენა დიდ გუნდებს ეხერხებათ. „პანათინაიკოსს“ არაერთხელ მოუგია ასეთი უიმედო მატჩი და ეს ამჯერადაც მოახერხა.
 
აღნიშნული ეპიზოდიდან შეხვედრა დიმიტრის დიამანტიდისის სწრაფი სამქულიანით გაგრძელდა, რის შემდეგაც სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა – 77:75 ოლიმპიელთა სასარგებლოდ. მასპინძლებმა ტაქტიკური ჯარიმა აიღეს, თუმც ვლადო ილიევსკიმაც ოროვე სროლა ჩააგდო და საფინალო სირენამდე 9 წამით ადრე ლიუბლიანელები 79:75 დააწინაურა. შემდეგ უკვე სტუმრები დაჯარიმდნენ (რაც შეცდომა იყო) და დასრულებამდე 6,8 წამით ადრე დიამანტიდისმა ორივე საჯარიმო ჩააგდო – 79:77. აქ სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ სტუმრებმა ზეწილას ვეღარ გაუძლეს  და „ოლიმპიას“ ბომბარდირმა კენი გრეგორიმ ბურთი ანტონის ფოცისს ჩააბარა. ამ უკანასკნელმა პასი მაიკ ბატისტს გადააწოდა, რომელმაც ორქულიანი ააცილა და თითქოს ყველაფერიც აქ დასრულდა, მაგრამ აცილებული იმავე ფოცისმა მოხსნა და მყისიერად, საფინალო სირენის თანხლებით ჩააბრუნა ოლიმპიელთა კალათში – 79:79.
 

უტევს გიორგი შერმადინი
 
დერმორალიზებული „ოლიმპია“ ოვერტაიმში თავის თავს აღარ ჰგავდა და წაგება საწყის წუთებშივე გაიფორმა, რომელიც 0:11 დათმო და დამატებითი დროის დარჩენილი დრო ფორმალობად იქცა. გიორგი შერმადინმა ოვერტაიმში 1 ბურთი ჩატენა, სულ კი ქართველმა ცენტრმა ამ მატჩში ორი ბურთი ჩააგდო და ორივე ეფექტურად. შერმადიმა მოედანი სროლების ასპროცენტიანი მაჩვენებლით დატოვა: მან 18 წუთში 2–დან 2 ორქულიანი ჩააგდო და ანალოგიური სიზუსტით ისროლა საჯარიმოებიც. შედეგად 6 ქულა მოაგროვა, რასაც 4 მოხსნა და 1 პასიც მოაყოლა და მისი საამმატჩო მონაგარიც ეს იყო.
 
ამ მარცხით „ოლიმპია“ ჩამოშორდა ჯგუფის ლიდერობას, რომელსაც, ბოლო რამდენიმე ტურია, „პანათინაიკოსთან“ იყოფდა. ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი, რომლებშიც ოლიმპიელთა კალენდარი ასეთია: 15 დეკემბერი – შინ ცსკა, 22 დეკემბერი – სტუმრად „ვალენსია“. მომდევნო ეტაპზე ჯგუფის 4 საუკეთესო გუნდი გადის.
 
პანათინაიკოსი       6          2          631      562      69        14
ოლიმპია                  5          3          631      633      -2        13
მილანი                     4          4          615      598      17        12
ეფესი                        4          4          608      612      -4        12
ვალენსია                 3          5          536      558      -22      11
ცსკა                           2          6          533      591      -58      10