საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთში ჩავიდა. თბილისში გამართული 5-დღიანი შეკრების შემდეგ ალეკსანდარ ჯიკიჩმა ათენში 9 კალათბურთელი იახლა, რომლებსაც სტამბოლში მარკის რიდი შეუერთდა, ხოლო ათენის აეროპორტში — ესპანეთიდან ჩამოფრენილი ალექსანდრე ფევაძე და რატი ანდრონიკაშვილი. საბერძნეთის დედაქალაქში ამაღამ გიორგი კორსანტიაც ჩამოვა და ხვალ, 23 ნოემბერს, სერბ სპეციალისტს ვარჯიშზე განკარგულებაში 12 კალათბურთელი ეყოლება:
გიორგი ოჩხიკიძე, დუდა სანაძე, გიორგი კობახიძე, მათე ყავლაშვილი, კახაბერ ჭინჭარაძე, ალექსანდრე მერკვილაძე, გიორგი ტურძილაძე, ვილი ისიანი, საბა გიგიბერია, რატი ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე ფევაძე და გიორგი კორსანტია. 3 დღის განმავლობაში — 23, 24 და 25 ნოემბერს ნაკრები ათენში ამ შემადგენლობით ივარჯიშებს, ხოლო 26-ში, საბერძნეთთან მატჩის დღეს, ნაკრებს დუბაიდან გუნდის კაპიტანი, თორნიკე შენგელია შეუერთდება.
23 და 24 ნოემბერს ნაკრები აეკ-ის დარბაზში ივარჯიშებს, ხოლო 25-ში ცნობილ და უზარმაზარ ოლიმპიურ კომპლექს „ოაკა“-ს სარბიელს მოთელავს. ეს გახლავთ ის დარბაზი, რომლის მოედანზეც ულტრათანამედროვე LED-იატაკია და სადაც „პანათინაიკოსი“ ევროლიგის მატჩებს მასპინძლობს. სწორედ ამ 18 000-იან დარბაზში გაიმართება მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩი საბერძნეთსა და საქართველოს შორის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ექვსგუნდიან ჯგუფში, უკრაინისა და ესპანეთის შემდეგ, მესამე პოზიციას იკავებს. 8 ტურის შემდეგ ჩვენს გუნდს 5 გამარჯვება აქვს. მსოფლიო პირველობის საგზურს ჯგუფის სამი საუკეთესო ნაკრები იღებს, შესაბამისად, დარჩენილ ოთხ შეხვედრაში საქართველოს მინიმუმ 2 გამარჯვება სჭირდება, რათა მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გავიდეს. საბერძნეთში მატჩიდან 3 დღეში, 29 ნოემბერს, საქართველო თბილისში პორტუგალიას უმასპინძლებს.
2027 წლის მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატს კატარის დედაქალაქი დოჰა უმასპინძლებს.