ათენში, ევროლიგის ფიზმომზადების მწვრთნელთა კონფერენციას ირაკლი შიოშვილი ესწრება

ათენში, ევროლიგის ფიზმომზადების მწვრთნელთა კონფერენციას ირაკლი შიოშვილი ესწრება

საქართველოს ეროვნული და 20-წლამდელთა ნაკრებების ფიზმომზადების მწვრთნელი, ირაკლი შიოშვილი საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, ევროლიგის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე იმყოფება, სადაც 3 დღის განმავლობაში ფიზმომზადებისა და ზოგადად კალათბურთის არაერთი წამყვანი სპეციალისტის სემინარებს დაესწრება.

აღნიშნულ კონფერენცია ევროლიგის ფიზმომზადების მწვრთნელთა ასოციაციის (ESCCA) მიერაა ორგანიზებული და მას ევროლიგის ყველა გუნდის შესაბამისი დარგის წარმომადგენელი ესწრება. კონფერენციის კარი ღიაა არაევროლიგელი მწვრთნელებისთვისაც და მასზე დასწრება საქართველოს ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელისთვისაც გახდა შესაძლებელი. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის დახმარებით მოხერხდა ირაკლი შიოშვილის ამ წარმომადგენლობით კონფერენციაზე მივლინება, სადაც სემინარებს გამართავენ ამ დარგის პროფესიონალი მწვრთნელები: ხაირო ვასკესი (ბარსელონა), კოსტას ხატიხრისტოსი (ცსკა), ლუკა სვილარი (უნიკსი), , გაი მორაგი, რეგევ ფანანი (ორივე მაკაბი თელ-ავივი), ოზნან შირიკჩი (ეფესი), პეპე სილვა (ალბა) და სხვები. კონფერენციაზე გამოვლენ და საკუთარ გამოცდილებას დამსწრეებს გაუზიარებენ ევროპაში ცნობილი დიეტოლოგები, ფიტნესის ინსტრუქტორები და კალათბურთის სპეციალისტებიც. ათენის კონფერენციის მონაწილეებს ელით შეხვედრა ცსკა-ს ბერძენ მთავარ მწვრთნელ დიმიტრის იტუდისთან და ლოს ანჯელეს კლიპერსის ასისტენტ მწვრთნელ ტოდ რაიტთან.

ათენში ჩასულ ირაკლი შიოშვილს დახვდა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მისი სამწვრთნელო შტაბის წევრთა პროფესიულ ზრდაზე. ამისთვის ის საკუთარ ავტორიტეტსა და პროფესიულ კავშირებს მაქსიმალურად იყენებს.

“ჩამოსვლისთანავე დამხვდა ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ჩემი კარგი მეგობარი ილიას ზუროსი თავის მეუღლესთან, სოფიასთან ერთად. ძალიან კარგი დრო გავატარეთ, შესანიშნავი მასპინძლობა გამიწიეს, რისთვისა ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ – გვითხრა ირაკლი შიოშვილმა და დასძინა:

  • პირველად ხდება როდესაც ევროლიგის წამყვანი გუნდების ფიზ მომზადების მწვრთნელები ერთად იკრიბებიან და ატარებენ კონფერენციას. ძალიან მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება, მოვისმინო ჩემი პროფესიის საკმაოდ გამოცდილი მწვრთნელების შეხედულებები, გავეცნო მათი მუშაობის მეთოდებს. მჯერა, რომ ეს კარგი გამოცდილება იქნება ჩემთვის, რასაც მერე უკვე ეფექტურად გამოვიყენებ საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისთვის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას გვერდში დგომისთვის, მათი დახმარებით მოხდა ამ ყველაფრის ორგანიზება.
  • ასევე შევხვდი ჩემ მეგობარს და მენტორს, საქართველოს ნაკრების ფიზმომზადების კოორდინატორს, ჯორჯ ვავეცისს, რომლისგანაც, როგორც ყოველთვის, კარგ რჩევებს ვიღებდი და ვუზიარებთ ერთმანეთს შეხედულებებს.

ევროლიგის ფიზმომზადების მწვრთნელთა კონფერენცია სამ დღეს, 9-დან 11 ივლისამდე გასტანს, რის შემდეგაც ირაკლი შიოშვილი სამშობლოში დაბრუნდება და თბილისში 20-25 ივლისს დაგეგმილი ევროპის 20-წლამდელთა ჩელენჯერისთვის სამზადისში მყოფ საქართველოს ნაკრებს შეუერთდება.