“ატლანტა” “ბოსტონს” ვერ გადააფრინდა

სულ ცოტა დააკლდა ზაზა ფაჩულიას „ატლანტა ჰოუქსს“, ნბა–ს ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო გუნდი რომ დაემარცხებინა. მოქმედმა ჩემპიონმა „ბოსტონ სელტიქსმა“ ეს სეზონი ისე მძლავრად დაიწყო, ისტორიაში რომ არ ჰქონია: 24 გამარჯვება 2 მარცხის წილ. აი, ამ გუნდს ამარცხებდა „ატლანტა“ თითქმის მთლი მატჩის განმავლობაში, თუმცა ბოლო წამებზე ვეღარ იყოჩაღა და 85:88 წააგო.
სირენამდე 2 წამით ადრე, „ატლანტა“ რომ 2 ქულას აგებდა, ჯორჯიელთა ლიდერი ჯო ჯონსონი საჯარიმოს ხაზზე დადგა, პირველი სროლა ჩააგდო და მეორეც რომ მოეთავსებინა, შეხვედრა ალბათ დამატებით დროში გადავიდოდა, მაგრამ… ჯონსონმა დასანანი ბურთი ააცილა და „ბოსტონის“ ბრწყინვალე მსვლელობაც გაგრძელდა.
ზაზა ფაჩულია კვლავ სათადარიგო იყო და მოედანზე 14 წუთით გამოჩნდა. ქართველმა ცენტრმა 4–ჯერ შეუტია თამაშიდან და 2 ჩააგდო, ერთი საჯარიმო კი ააცილა და შეხვედრა 4 ქულით დაასრულა.მის ანგარიშზე იყო ასევე 3 მოხსნა და 1 დაფარება, ბურთი კი 2–ჯერ დაკარგა.
„ატლანტას“ 15 მოგება და 10 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა, თავის სამხრეთ–აღმოსავლეთ დივიზიონში კი „ორლანდოს“ შემდეგ მეორეა.
მომდევნო მატჩს ატლანტელები ზეგ „გოლდენ სტეიტთან“ შინ გამართავენ.

მატჩის ანტიგმირი ჯო ჯონსონი (მარჯვნივ) და კევინ გარნეტი