„ატლანტა ჰოუქსი“ არ ნებდება. ზაზა ფაჩულიას გუნდმა აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერიის მეოთხე, საშინაო შეხვედრა რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულ „ჩიკაგოს“ 100:88 მოუგო და სერიაში საერთო ანგარიში გაათანაბრა – 2:2.
ამ გამარჯვებით „ატლანტამ“ დაარღვია მეორე საპლეიოფო რაუნდის უიღბლო საშინაო სერია, რომელიც სათავეს 1996 წლიდან იღებდა და რომელიც ზედიზედ 9 წაგებას შეადგენდა. ატლანტელებმა მეორე რაუნდის პირველი საშინაო შეხვედრა მოიგეს ბოლო 15 წლის მანძილზე, თუმცა ისიც სათქმელია, რომ 1996 წლის მერე მეორე წრეში სულ ოთხჯერ გასულან.
ატლანტელები წაგებასთან ახლოს იყვნენ. ისინი ბოლო მეოთხედის წინ 2 ქულით ჩამორჩებოდნენ ჩიკაგოელებს, თუმცა გადამწყვეტ პერიოდში ჯოშ სმიტმა მთელი ჩიკაგო დაჩრდილა და ამ საქმეში მან გამთამაშებელი ჯეფ ტიგი დაიხმარა. სმიტმა საბოლოოდ 23 ქულა, 16 მოხსნა და 8 პასი მიითვალა, გაცილებით ნაკლები, ვიდრე ჩიკაგოელთა უძვირფასესმა გამთამაშებელმა დერიკ როუზმა, თუმცა რაც მთავარია, „ატლანტამ“ მოიგო.
იოაკიმ ნოა და ზაზა ფაჩულია
ქართველმა ცენტრმა მიმდინარე სერიაში რეკორდულად ბევრი – 25 წუთი ითამაშა, აქამდე ზაზა ამ სერიაში 10 წუთზე მეტ ხანს მოედანზე არ გასულა. ახლა კი ის მწვრთნელმა ლარი დრიუმ საკმაო ხნით დაასაქმა და ჩვენებურმაც თავი არ შეირცხვინა. ფაჩულიამ 3–დან 1 ორქულიანი და 4–დან 3 საჯარიმო ჩააგდო, მთლიანობაში 5 ქულა მოაგროვა და ამას 9 მოხსნა (მეორე შედეგი „ატლანტაში“) და 2 პასიც მოაყოლა. ზაზა ტოლს არ უდებდა ჩიკაგოელთა ძირითად ცენტრ იოაკიმ ნოას, რომელმაც შეხვედრა 6 ქულითა და 11 მოხსნით დაასრულა.
სერიის მომდევნო შეხვედრა ჩვენი დროით 11 მაისს, გამთენიისას ჩიკაგოში გაიმართება.