“ატლანტამ” კონცერენციის ლიდერთან ვერაფერი გააწყო

“ატლანტამ” კონცერენციის ლიდერთან ვერაფერი გააწყო

როგორც ჩანს, „ატლანტა ჰოუქსი“ რეგულარული სეზონის ბოლომდე იმავე ადგილზე დარჩება, რომელზეც ახლა იმყოფება. ზაზა ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთეზეა და დარჩენილ 11 შეხვედრაში ნაკლები სავარაუდოა, რომ ან მეოთხეზე აინაცვლოს, ანაც მეექვსეზე მყოფმა გუნდმა გადაასწროს. ყოველ შემთხვევაში, „ორლანდოს“ (45 მოგება, 26 წაგება), „ატლანტასა“ (40 მოგება, 31 წაგება) და „ფილადელფიას“ (36 მოგება, 34 წაგება) შორის სხვაობა საკმაოდ დიდია საიმისოდ, რომ ამ განლაგებას რეგულარული ჩემპიონატის ბოლომდე რამე დაემუქროს.
 
თუკი „ატლანტას“ ცხრილში დაწინაურების ამბიცია გქონდა, ამ გამთენიისას გამართულ შეხვედრაში უნდა გამოეჩინა იგი. ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთის ერთ–ერთი ლიდერს და ამ მატჩის შემდეგ უკვე ერთპიროვნულად დაწინაურებულ „ჩიკაგოს“ მასპინძლობდა. შეხვედრა მასპინძელთა სავალალო ანგარიშით – 81:114 დასრულდა. ბოლო მეოთხედის წინ ანგარიშში სხვაობა 28 ქულა იყო. ატლანტელებმა ყველა ასპექტში წააგეს ჩიკაგოელებთან.
 

წაგებით გულდამძიმებული ჯო ჯონსონი და მარვინ უილიამსი
 
ქართველმა ცენტრმა არცთუ ცოტა – 15 წუთი ითამაშა. ზაზა წინა მატჩის დარად, ამჯერადაც აგრესიული იყო და 6–ჯერ მოუწია საჯარიმოს სროლა, საიდანაც 5 გამოიყენა. მისი ქულობრივი მონაგარიც ეს გახლდათ, რადგან, ქართველმა ცენტრმა თამაშიდან ნასროლი სამივე ბურთი ააცილა. ფაჩულიას ანგარიშზე 5 ქულასთან ერთად 2 მოხსნა და ამდენივე პასი გახლდათ.
 
მომდევნო მატჩს „ატლანტა“ ხვალ სწორედ მდევარ „ფილადელფიასთან“ გამართავს.