“ატლანტამ” “ორლანდო” პლეი ოფიდან გაისტუმრა და “ჩიკაგოს” შეეჯახა

“ატლანტამ” “ორლანდო” პლეი ოფიდან გაისტუმრა და “ჩიკაგოს” შეეჯახა

ზაზა ფაჩულია აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალშია. დღეს, გამთენიისას, ატლანტაში გამართული საპლეიოფო სერიის მე–6 მატჩში მასპინძლებმა შანსი ხელიდან არ გაუშვეს და „ორლანდო მეჯიქი“, რომელიც წინა სეზონში სულაც ნბა–ს დიდ ფინალში გავიდა, 84:81 დაამარცხა. სერიაც აქ დამთავრდა, რადგან ატლანტელების გამარჯვებების რიცხვმა სერიაში ოთხს უწია. საბოლოო ანგარიშია 4:2 „ატლანტას“ სასარგებლოდ.
 
ამით „ატლანტამ“ შური იძია „ორლანდოზე“, რომელთნაც წინა სეზონის პლეი ოფის მეორე წრეში 0:4 შერცხვა. მაშინ ორლანდოელებმა ოთხივე თამაში ისე მოუგეს „ატლანტას“, რომ ამ უკანასკნელს შანსი არ ჰქონია. ამასთან, „ატლანტამ“ ზედიზედ მესამედ მოახერხა პირველი საპლეიოფო წრის გადალახვა, თუმცა ასეთი ძლიერი მეტოქე პირველად ჰყავდა. მეორე წრეში, ანუ აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში ზაზა ფაჩულიას გუნდი რეგულარულ ჩემპიონატში საუკეთესო შედეგის მქონე „ჩიკაგოს“ დაუპირისპირდება, რომელმაც სერიაში იოლად გაუსწორდა „ინდიანას“ – 4:1.
 

დუაიტ ჰოვარდისა და ზაზა ფაჩულიას უკანასკნელი დუელი ამ სეზონში
 
ორი საათის წინ დასრულებული „ატლანტა“–„ორლანდო“ ძალიან დაძაბული გამოვიდა. შეხვედრა თითქმის სულ თანაბარი იყო და მისი ბედი ბოლო წამებზე გაირკვა. ჯო ჯონსონმა გაამართლა გუნდის ლიდერის სახელი და გადამწყვეტ წამებში გონივრული მოქმედებებით „ატლანტას“ გამარჯვება მოუტანა. ორლანდოელი ჯეი ჯეი რედიკის გამთანაბრებელ სამქულიანს კი ბოლო წამზე ჯოშ სმიტმა დააფარა.
 
ზაზამ ამ შეხვედრაში 23 წუთს ითამაშა და ძირითადად დუაიტ ჰოვარდის მეურვეობით იყო დაკავებული. ქართველმა ცენტრმა მეტოქის ფარს თამაშიდან ერთხელ, ისიც უშედეგოდ შეუტია, ხოლო 2 საჯარიმო უშეცდომოდ შეასრულა. საბოლოოდ ფაჩულიას 2 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დაუგროვდა.
 
ატლანტასთვის მომდევნო საპლეიოფო სერია 2 მაისს დაიწყება. მოედნის უპირატესობა, რა თქმა უნდა, „ჩიკაგოს“ ექნება. გთავაზობთ მატჩების გამართვის ადგილებსა და თარიღებს.
 
1 მატჩი – ჩიკაგოში, 2 მაისს.
2 მატჩი – ჩიკაგოში, 4 მაისს.
3 მატჩი – ატლანტაში, 6 მაისს.
4 მატჩი – ატლანტაში, 8 მაისს.
5 მატჩი – ჩიკაგოში, 10 მაისს(თუ საჭირო გახდა).
6 მატჩი – ატლანტაში, 12 მაისს (თუ საჭირო გახდა).
7 მატჩი – ჩიკაგოში, 15 მაისს (თუ საჭირო გახდა).