“ატლანტამ” საქმე მე–7 მატჩამდე მიიყვანა

ზაზა ფაჩულიას „ატლანტა ჰოუქსმა“ სალეიოფო სერიის გადარჩენა მოახერხა. „ქორები“ მილუოკიში თამაშობდნენ და რომ წაეგოთ, მათთვის სერია და მთლიანად სეზონი სრულდებოდა, მაგრამ ატლანტელებმა მობილიზებით ჩაატარეს ეს შეხვედრა, 83:69 იმარჯვეს და საერთო ანგარიში გაათანაბრეს – 3:3.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქმე მივიდა ბოლო, გადამწყვეტ შეხვედრამდე. მეშვიდე მატჩმა უნდა გაარკვიოს, ვინ გავა პლეი ოფის შემდეგ წრეში. გადამწყვეტი შეხვედრა ჩვენი დროით ზეგ გამთენიისას ატლანტაში გაიმართება.
რაც შეეხება ამ მატჩს, ატლანტელებმა 2 მეოთხედი წააგეს, 1 ფრედ დამთავრდა, თუმც მესამე პერიოდი ისე დამაჯერებლად მოიგეს, რომ საბოლოოდ სოლიდური სხვაობით იმარჯვეს. მესამე 12–წუთეული ატლანტელთა 18–ქულიანი უპირატესობით დამთავრდა, რამაც გაარკვია კიდეც ამ შეხვედრის გამარჯვებული.
ზაზა ფაჩულიამ მოედანზე 12,37 წუთი გაატარა და  თამაშიდან მილუოკელების ფარისთვის არ შეუტევია. ქართველმა ცენტრმა 2 საჯარიმო სტყორცნა, თუმცა ააცილა და მოედანი უქულოდ დატოვა. მის ანგარიშზე 4 მოხსნა და 1 პასი იყო.
 

ზაზა ფაჩულიას ერსან ილიასოვა მეურვეობს