“ატლანტამ” წააგო. ფაჩულია სერიის მე-5 მატჩში დაბრუნდებაო

“ატლანტამ” წააგო. ფაჩულია სერიის მე-5 მატჩში დაბრუნდებაო

 თუკი სერიის მეხუთე მატჩი საჭირო გახდა, შესაძლოა, ზაზა ფაჩულიამ მაშინღა ითამაშოს. ექიმები გაოცებულნი არიან ქართველი ცენტრის ფეხის სწრაფი გაჯანსახების გამო. ასეთ ინფორმაციას ავრცელებს ამერიკული პრესა. არადა, გასაოცარი სწორედ ის არის, რომ ფაჩულია ამდენი ხანი მოედანს ვერ დაუბრუნდა. აქამდე ხომ იგივე პრესა წერდა, რომ ქართველის დაბრუნება ნებისმიერ მატჩშია შესაძლებელიო.
ერთი სიტყვით, ზაზას სერიის ბოლო მატჩებამდე, თუკი საერთოდ მათი საჭიროება გახდება, არ უნდა ველოდოთ. მაგალითად, დღეს, გამთენიისას ატლანტელებმა საშინაო მატჩი წააგეს. მასპინძლები ბოლო მეოთხედამდე იგებდნენ და გამარჯვებასთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ვეღარ ივარგეს. „ბოსტონმა“ ბოლო მეოთხედი 12 ქულთ მოიგო და ამასთან ერთად მატჩიც სათავისოდ დაასრულა – 87:80.
სიმართლე ითქვას, „ბოსტონს“ უფრო მეტი აკლდა ამ შეხვედრაში, ვიდრე „ატლანტას“ „მწვანეებმა“ მოისაკლისეს მსაჯების შეურაცხყოფისთვის დისკვალიფიცირებული რაჯონ რონდო, ასევე ნატრავმალი და დღე-დღეზე მოედანზე დასაბრუნებლად შემართული რეი ალენი. ატლანტელებს ცენტრის პოზიცია ალ ჰორფორდისა დ ფაჩულიას არყოფნის გამო მოშიშვლებული ჰყავდათ, თუმცა საბედისწერო დარტყმა მეტოქის უკანა ხაზიდან მიიღეს პოლ პირსის 36 ქულის სახით.
სერიაში ანგარიში გათანაბრდა – 1:1. მომდევნო შეხვედრა ბოსტონში, ჩვენი დროით, 5 მაისს, გამთენიისას გაიმართება.