ატლანტამ ვაშინგტონიც დაამარცხა და აღმოსავლეთის სამეულში გამაგრდა

ატლანტამ ვაშინგტონიც დაამარცხა და აღმოსავლეთის სამეულში გამაგრდა

„ატლანტა ჰოუქსის“ მორიგი გამარჯვება. ზაზა ფაჩულიას გუნდმა ლიგის ერთ–ერთ აუტსაიდერ „ვაშინგტონს“ უმასპინძლა და 104:95 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო, თუმცა მოედანზე საკმაო ხანი – 27 წუთი გაატარა და საკმაოდ სარგებლიანიც იყო. ფაჩულიას მხოლოდ 4 ქულა ჰქონდა, თუმცა 9 ბურთი მოხსნა და 4 პასი ისე გაიღო, ბურთი არ დაუკარგავს. ზაზას ასევე 1 ჩაჭრა ჰქონდა, მისი სროლების პროცენტულობა კი ასეთია: 2–დან 1 ორქულიანი და 2–დან 2 საჯარიმო. ატლანტელთაგან 23 ქულითა და 15 მოხსნით საუკეთსო შედეგი ჯოშ სმიტმა დააფიქსირა, ხოლო „ჰოუქსის“ ძირითადმა ცენტრმა ალ ჰორფორდმა 14 ქულა და ამდენივე მოხსნა მიითალა.

მომდევნო მატჩში „ატლანტას“ ძლიერი მეტოქე ელის – ფაჩულიას გუნდი 8 დეკემბერს, მემფისში „გრიზლისს“ დაუპირისპირდება. ატლანტელებს 5 წაგების წილ 11 მოგება აქვთ და აღმოსავლეთ კონფერენციაშ მე–3 ადგილზე არიან. 11 მოგება და 7 მარცი გააჩნია „ბრუკლინ ნეთსს“, რომლის განაცხადში კვლავ ვერ მოხვდა 21 წლის ქართველი თორნიკე შენგელია. ბრუკლინელებმა დღეს, გამთენიისას, შინ „გოლდენ სტეიტთან“ 102:109 წააგეს.