„ატლანტა ჰოუქსი“ ვერ აღმოჩნდა იმდენად ძლიერი, რეგულარული ჩემპიონატის მომგები „ჩიკაგო“ სტუმრად ზედიზედ მეორედ რომ დაემარცხებინა. მასპინძლებმა მობილიზებულად ჩაატარეს შეხვედრა და „ატლანტა“ მშობლიურ ქალაქში ჩიკაგოდან თითო მოგებ–წაგებით ბრუნდება.
რაც შეეხება დღეს გამთენიისას გამართულ შეხვედრას, ის ჩიკაგოელთა დომინირებით წარიმართა და საბოლოოდ მასპინძელთა გამარჯვებით – 86:73 დასრულდა. ატლანტელები ბევრით არ ჩამორჩებოდნენ „ჩიკაგოს“, გადამწყვეტი მეოთხედის წინ სხვაობა მხოლოდ 7 ქულა იყო, მაგრამ სტუმრებმა ის თამაში ვეღარ აჩვენეს, რაც სერიის პირველ შეხვედრაში. მით უმეტეს, რომ ჩიკაგოელებს მოედანზე ჰყავდათ ორივე ლიდერი – დერიკ როუზი და კარლოს ბუზერი, რომლებსაც ტრავმები აწუხებდათ და სავარაუდო იყო, რომ მოედანზე ვერ გასულიყვნენ. როუზს მატჩის დაწყებამდე ლიგის უძვირფასესი მოთამაშის პრიზი გადასცეს. რაც მანამდე დაუსდასტურებლად გახმაურდა, ახლა ოფიციალურად გამოცხადდა: დერიკ როუზი ნბა–ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელია, რომელმაც ეს პრესტიჟული ტიტული მოიგო.
ბოლო მეოთხედში არაფერი შეცვლილა: ჩიკაგოელებმა აუღელვებლად მიიყვანეს თამაში გამარჯვებამდე და სერიაში ანგარიში გაათანაბრეს: 1:1. წინა მატჩის მსგავსად საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა ამჯერადაც 8 წუთით ითამაშა. ზაზამ ერთადერთი ორქულიანი არაზუსტად ესროლა და მოედანი უქულოდ, 2 მოხსნით დატოვა.
სერიის მომდევნო მატჩები ატლანტაში, 7 და 9 მაისს გაიმართება.