“ავიამშენმა” ნახევარფინალს გახედა

“ავიამშენმა” ნახევარფინალს გახედა

პლეი ოფის პირველ წრეში ყველაზე საინტერესო ბრძოლას „ავიამშენისა“ და „ნტდ–თბილისის“ წყვილში ელოდნენ და ვარაუდმაც გაამართლა. დღეს რუსთავში გამართულ სამ მატჩში დაძაბულობა მხოლოდ ამ გუნდების დაპირისპირებაში ვიხილეთ.
ნტდ–მ და „ავიამშენმა“ რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურები უნიათოდ ჩაატარეს და ფინალისკენ მავალი გზა გაიმრუდეს. დიდი ამბიციის მქონე ეს გუნდები პლეი ოფის პირველსავე რაუნდში – მეოთხედფინალში შეეჯახნენ და ერთ–ერთი მათგანი ნახევარფინალშიც კი ვერ გავა.მეოთხედფინალური სერია ორ გამარჯვებამდეა, რაც გუნდებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს. დღეს გამარჯვებულმა „ავიამშენმა“ ხვალაც თუ მოიგო, ნტდ–ს ბარიერს დაძლევს და ნახევარფინალში „ენერჯი–ინვესტს“ (თუკი შსს–ს მოუგო) შეხვდება.თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა და ნახევარფინალზე ჯერ ნუ ვისმჯელებთ. თუკი დღევანდელ მატჩს გავითვალისწინებთ, ხვალაც დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი ამ გუნდების დაპირისპირებაში. მთელი თამაშის განმავლობაში ბრძოლა მიდიოდა, ხან ერთი გუნდი გაიწევდა წინ, ხან მეორე, თუმცა გაცილებიტ ხშირად „ნტდ–თბილისი“ ლიდერობდა.ნუგზარ კანდელაკის გუნდი ნიადაგ ცდილობდა, ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოეპოვებინა, მაგრამ ამის საშუალებას მას „ავიამშენის“ გამოცდილი მოტამაშეები არ აძლევდნენ. ვახტანგ ნაცვლიშვილი, ანატოლი ბოისა და ტყუპი ბერიშვილები პერიოდულად იხვეჭდნენ ქულებს და ნტდ–ს შედარებით ახალგაზრდა მოთამაშეების გარჯას ელფერს უკარგავდნენ.კვანძი ბოლო წუთებზე გაიხსნა, როცა „ავიამშენმა“ სოლიდური უპირატესობა მოიპოვა – ეს პირველ რიგში ნაცვლიშვილის და მისი პასებით უხვად მომმარაგებელი ტყუპი ბერიშვილების დამსახურებაა. ნაცვლიშვილი შედეგიანად აგვირგვინებდა ყოველ შეტევას, რამაც „ავიატპრთა“ უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა საფინალო სირენამდე ორიოდ წუთით ადრე.დანარჩენ წყვილებში ყველაფერი შედარებიტ უმტკივნეულოდ გადაწყდა. აგრარული უნივერსიტეტის გუნდმა (ყოფილი სასოფლო) „დინამოსთან“ მხოლოდ პირველ ტაიმში წაიფორხილა. მიხეილ კობეშავიძის გუნდი ერთხანს ათ ქულაზე მეტითაც ჩამორჩა, თუმცა ბექა წივწივაძისა და ირაკლი გულისაბედაშვილის კარგი ტამაშის წყალობით, რომლებსაც ხელს რევაზ ათანელიშვილიც აშველებდა, მეორე ტაიმში სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და გამარჯვებამდეც იოლად მივიდნენ.კიდევ ერთ მეოთხედფინალურ წყვილში კი მოულოდნელად ისე არ განვითარდა მოვლენები,როგორც ბევრი ელოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდმა საწყისი 25 წუთის მანძილზე ტოლსწორად ეთამაშა მიმდინარე ჩემპიონატში ჯერაც დაუმარცხებელ „ენერჯის“ და მხოლოდ ბოლო მეოთხედში გატყდა. ხვალ, 11 აპრილს, რუსთავის „ქიმიკოსთა“ დარბაზში მეოთხედფინალური სერიების მეორე მატჩები გაიმართება. სერიაში ანგარიშის გათანაბრების შემთხვევაში, მესამე, გადამწყვეტი მატჩი 13 აპრილს რუსთავშივე გაიმართება.