B კატეგორიის სალიცენზიო გამოცდაში 50-ამდე მწვრთნელმა მიიღო მონაწილეობა

B კატეგორიის სალიცენზიო გამოცდაში 50-ამდე მწვრთნელმა მიიღო მონაწილეობა

ოლიმპიურ სასახლეში დასრულდა კალათბურთის მწვრთნელთა B კატეგორიის სალიცენზიო გამოცდა, რომელშიც მონაწილეობა 50-მდე მწვრთნელმა მიიღო. გამოცდა მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა, რომლის ორგანიზატორები  საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და მწვრთნელთა კავშირია.

B კატეგორიის ლიცენზია რანგით მეორეა არსებულ ლიცენზიებს შორის და მისი მფლობელი 14-დან 20 წლამდელთა გუნდებში მუშაობისა და სამწვრთნელო საქმიანობის ოფიციალურ დონეზე განხორციელების უფლებას იღებს. თუ აღნიშნულ ლიცენზიას არ ფლობს, მწვრთნელებს კალათბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირებში გუნდის გაძღოლის უფლება არ ექნებათ. მწვრთნელებმა C კატეგორიის სალიცენზიო გამოცდებში სამონაწილეოდ წინასწარი, ონლაინ-რეგისტრაცია გაიარეს, რომელიც 25 იანვრის ჩათვლით ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიმდინარეობდა. გამოცდაში მონაწილეობა იმ მწვრთნელებს შეეძლოთ, რომლებიც 14 წლამდე ასაკის მოზარდებში სამუშაოდ საჭირო C კატეგორიის ლიცენზიას ფლობდნენ.

დღევანდელ გამოცდებს დაესწრნენ მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამის ხელმძღვანელი ნოდარ ავალიშვილი, მწვრთნელთა კავშირის პრეზიდენტი დავით უსტიაშვილი და დამსახურებული მწვრთნელი, გელა წულაძე. საგამოცდო ბილეთები მთლიანად შემდგარი იყო დიაგრამებისგან, რომლებშიც მაქსიმალურად იყო თავმოყრილი ის ტაქტიკური და სავარჯიშო კომპონენტები, რაც აღნიშნული ასაკის კალათბურთელების გასაწვრთნელად არის საჭირო.

გამოცდების შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, რის შემდეგაც შევიტყობთ, თუ რამდენი B კატეგორიის ლიცენზიანტი მწვრთნელი შეემატება ქართულ კალათბურთს.