ბალტიის ლიგის პლეი ოფი ცინცაძის “როკმა” წაგებით დაიწყო

ბალტიის ლიგის პლეი ოფი ცინცაძის “როკმა” წაგებით დაიწყო

რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ბალტიის ლიგის გათამაშება პლეი ოფით (მეოთხედფინალებით) განახლდა. საინტერესო გათამაშების ფორმატი აირჩიეს ბალტიის ლიგის მესვეურებმა. პლეი ოფში I-VI  ადგილებზე გასული გუნდები გავიდნენ, რომლებსაც ლიტვური ბობოლა გუნდები, მანამდე ევროლიგაში მოთამაშე „ჟალგირისი“ და „ლიეტუვოს რიტასი“ დაემატნენ და მეოთხედფინალისთვის საჭირო 8 გუნდიც შეივსო.
 
ლიტვურ გრანდებს მეტოქეებად შედარებით სუსტი, ცხრილში V-VI ადგილებზე გასული გუნდები ერგოთ. „ჟალგირისი“ მეოთხედფინალში „ნევეჟისს“ შეხვდა, ხოლო „ლიეტუვოს რიტასი“ „შაულიაის“. ჩვენ ამ ჩემპიონატშ გიორგი ცინცაძე გვაინტერესებს, რომლის გუნდმა „როკმაც“ რეგულარული ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა. მოწინავე ოთხეული მეოთხედფინალში ამ პრინციპით დაწყვილდა: I-IV და II-III. ქართველი გამთამაშებლის „როკი“ მეორეადგილოსან „ვენტსპილსს“ შეხვდა და მოედნის უპირატესობაც ამ უკანასკნელს აქვს.
 
პირველი მატჩი 11 მარტს ლატვიაში გაიმართა. „ვენტსპილსმა“ „როკს“ 84:77 მოუგო და სერიაში 1:0 დაწინაურდა. ტარტუელებმა მასპინძლებს პირველი მეოთხედიც მოუგეს (20:17) და მეორეც (24:23), თუმცა მეორე ტაიმში „ვენტსპილსმა“ მაინც იძალა და საბოლოოდ სასურველ შედეგსაც მიაღწია.
 

 
ცინცაძე ხუთეულში არ ყოფილა. მან მოედანზე 18,43 წუთი გაატარა და 4 ქულას, 3 მოხსნას და 2 პასს დასჯერდა. საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა 4–დან 1 ორიანი და 2–დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ააცილა.
 
მეოთხედფინალური სერია ორ გამარჯვებამდეა. მომდევნო შეხვედრა 17 მარტს ტარტუში გაიმართება და თუკი „როკმა“ იმარჯვა, მესამე, გადამწყვეტ მატჩს 19 მარტს ლატვიური ვენტსპილსი უმასპინძლებს.