ბათუმელების მესამე გამარჯვება (მატჩისშემდგომი კომენტარები)

ბათუმელების მესამე გამარჯვება (მატჩისშემდგომი კომენტარები)

„ბათუმის“ მე-3 გამარჯვება სუპერლიგაში. მიხეილ კობეშავიძის
გაწვრთნილმა გუნდმა ამჯერად დიდი სხვაობით იმარჯვა. ზღვისპირელებმა ტექნიკური უნივერსიტეტის
გუნდს 24 ქულის სხვაობით – ანგარიშით 84:60 მოუგეს.

ბათუმელებმა პირველივე მეოთხედში დაანახვეს სტუ-ს, რომ
მოსაგებად იყვნენ შემართულნი. სტუმრებმა საწყისი ათწუთეული 28:13 მოიგეს და ამის შემდეგ
უპირატესობა ხელიდან აღარც გაუშვიათ. მატჩი ისე ჩამთავრდა, რომ ზურაბ ტომარაძის გაწვრთნილ
ტექნიკოსებს წარმატების შანსი არც მისცემიათ.

ბათუმელთაგან ტრადიციულად გუნდის ვეტერანი ლაშა კეშელავა
გამოირჩა, რომელმაც 23 ქულითა და 16 მოხსნით მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ორმაგი
დუბლი შეასრულა ავთანდილ ელიაშვილმაც, რომელმაც 16 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. ზღვისპირელთაგან
10-ქულიანი ზღვარი კიდევ სამმა კალათბურთელმა გადალახა – გიორგი ნანიტაშვილმა
(18), ნიკა რამიშვილმა (15), ვანო მაისურაძემ (11).

რაც შეეხებათ ტექნიკოსებს, ტომარაძის გუნდში 21 ქულით
საუკეთესო ირაკლი ძიძიგური იყო, ხოლო 12 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გიგა კვეტენაძემ
გაიფორმა.

მომდევნო, ცენტრალურ მატჩში, ერთამანეთს დაუმარცხებელი
„შსს-აკადემია“ და „ოლიმპი“ შეხვდებიან.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:

მიხეილ კობეშავიძე
(ბათუმი-რსუ):  ორი თანაბარი
ძალების გუნდი დაუპირისპირდა ერთმანეთს.  მეტოქე
გუნდის შემადგენლობაში იყვნენ ტრავმირებული კალათბურთელები, რაც შედეგზეც აისახა. მიუხედავად
ამისა, დიდი შრომა გასწიეს ჩვენმა ბიჭებმა, რომლებსაც მადლობას გადავუხდი.

გია ტეტელაშვილი
(სტუ):   მივულოცავ ბათუმს გამარჯვებას, ჩვენი წაგების ერთ-ერთი
მიზეზი ტრავმირებული მოთამაშეები იყვნენ.  არ
გვყავდა პირველაშვილი, ჩაჩიბაია, შერმადინი. მიუხედავად ამისა მაინც უკმაყოფილო ვარ
ბიჭების თამაშით, ალბათ არ ვიყავით სათანადოდ მომზადებულები.

ნიკა რამიშვილი
(ბათუმი-რსუ):  ჩვენთვის ამ
თამაშს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.  სტუ უშუალო
კონკურენტია და დღევანდელი მოგებისთვის ბიჭებმა ყველაფერი გავაკეთეთ.

 ზურა მაჩალაძე (სტუ) :   მივულოცავ გამარჯვებას მეტოქეს, რაც შეგვეხება ჩვენ,
გვაკლდნენ წამყვანი  მოთამაშეები რამაც განაპირობა
ჩვენი წაგება.