ბათუმელთა გამარჯვება მედიკოსებთან(მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

ბათუმელთა გამარჯვება მედიკოსებთან(მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

მეორე წრის მე-7 ტური აუტსაიდერთა მატჩით დაიწყო. ერთმანეთს ცხრილის ქვედა
ნაწილში მყოფი – პლეი ოფის ბოლო საგზურისთვის მებრძოლი გუნდები შეხვდნენ. 

სამედიცინო
უნივერსიტეტისა და „ბათუმის“ შეხვედრა ამ უკანასკნელის გამარჯვებით – 81:73 დასრულდა.

სადებიუტო ჩავარდნის შემდეგ ბათუმელები პირველი მეოთხედის ბოლოს ათამაშდნენ
და პირველი შესვენების შემდეგ მატჩის სადავეებს საბოლოოდ დაეპატრონნენ. პირველი ტაიმის
შემდეგ ზღვისპირელები 9 ქულით იგებდნენ, მესამე პერიოდში კი მათმა უპირატესობამ 15
ქულას გადააჭარბა, რაც გუნდური თამაშის წყალობით მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმელები
გუნდურად თამაშობდნენ, გამოსარჩევია მათი 19 წლის უკანახაზელი ნიკა რამიშვილი, რომელმაც
ბათუმელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ბოლო მეოთხედის დაწყებამდე სტუმრები 20 ქულით იგებდნენ და მატჩის ბედიც
გადაწყვეტილი იყო. თსსუ-მ ერთი კი გაიბრძოლა, მაგრამ მაქსიმუმი, რაც მოახერხა, ღირსეული
სხვაობით დამარცხება იყო.

გამარჯვებულებს ზემოთნახსენებმა ნიკა რამიშვილმა ულიდერა 33 ქულით, 8 მოხსნით,
4 პასითა და 3 ჩაჭრით. 15 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი ვეტერანმა ლაშა კეშელავამ
მიითვალა, 13 ქულა ჰქონდა ავთანდილ ელიაშვილს. სამედიცინოში 16 ქულითა და 12 მოხსნით
ირაკლი გაბისონია გამოირჩა, ხოლო ლევან რევაზაშვილმა 15 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.

მატჩისშემდგომი
პრესკონფერენცია

თენგიზ
ფიცხელაური(თსსუ): ვულოცავ ბათუმს გამარჯვებას. მართლაც კარგი თამაში
გამოვიდა. დაცვაში სუსტად ვითამაშეთ. ყოველდღიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ბიჭებმა
კარგი დაცვის თამაში მოახერხონ, სხვანაირად შეხვედრებს ვერ მოვიგებთ.

მიხეილ
კობეშავიძე(ბათუმი): ძალიან კარგი თამაში იყო. მადლობას ვეტყვი ჩემს
ბიჭებს, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს. შევეცდებით სახლში თამაშები მოვიგოთ, გასვლა
მხოლოდ რუსთავთან დაგვრჩა. ძალიან ძლიერი მეტოქეა, თუმცა მათთანაც ბოლომდე
დავიხარჯებით.

ირაკლი
გაბისონია(თსსუ): მივულოცავ მეტოქეს. ბევრი უზუსტობა გვქონდა, რამაც
შედეგზე იქონია გავლენა.

ნიკა რამიშვილი(ბათუმი): მთელი
თამაში ვიგებდით,  ბოლოს კი შეხვედრა დაიძაბა. თუმცა მობილიზება მოვახდინეთ და
სასურველ შედეგს მივაღწიეთ. კარგი თამაში გამოვიდა.

თსსუ – ბათუმი  73:81