ბათუმელთა იოლი გამარჯვება “მარნეულთან”

ბათუმელთა იოლი გამარჯვება “მარნეულთან”

სუპერლიგის გათამაშების ერთი მატჩი დღეს აჭარაში გაიმართა. “ბათუმმა” მარნეულის “დელტას” უმასინძლა და საკმაოდ იოლად – 75:60 დაამარცხა. ორივე გუნდისთვის მატჩის შედეგს პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. მასპინძლებს მოგება ლიდერებთან მისაახლოვებლად უნდოდათ, ხოლო მარნეულელები გამარჯვების შემთხვევაში ბოლოადგილოსან “სოხუმთან” სხვაობას 3 ქულამდე გაზრდიდნენ.

ბათუმელებმა თავიდანვე დაანახეს სტუმრებს, რომ წარმატების იმედი არ უნდა ჰქონოდათ. სერბი სპეციალისტის, ვლადიმერ ბოსნიაკის გაწვრთნილმა აჭარელებმა პირველი პერიოდი 24:11 მოუგეს ქვემოქართლელებს, თუმცა არც შემდეგ შეჩერდნენ და დიდ შესვენებამდე უპირატესობა 22 ქულამდე გაზარდეს – 46:24. 

თუკი სტუმრებს ამ თამაშის მოგების მცირედი ამბიცია ჰქონდათ, მესამე პერიოდში უნდა შეეცვალათ რამე, თუმცა აღნიშნული ათწუთეული ფრედ – 18:18 დასრულდა და ბათუმელთა გამარვების ამბავიც ფაქტობრივად აქ გაცხადდა. დასკვნით მეოთხედში მასპინძლებმა ყურადღება მოადუნეს, რაც 22-ქულიანი ლიდერობის 15-ამდე შემცირებად დაუჯდათ. “ბათუმმა” მორიგი, მე-8 გამარჯვება მოიპოვა და ცხრილში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ ქულით უკან მყოფ “რუსთავსა” და “ოლიმპს” ზღვისპირელებზე ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

ბათუმელებს ულიდერა უკრაინელმა ლეონიდ სტეპანიშინმა, რომელმა 27 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა. ივანე მაისურაძემ და ვახტანგ ქადარიამ 10-10 ქულა დააგროვეს. მარნეულელთაგან 16 ქულით ნიკ ნილი გამოირჩა. გიორგი ვახანიამ 10 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა, ხოლო საბა ლობჯანიძის ანგარიშზე 9 ქულა და 7 ოხსნა დაგროვდა.

სუპერლიგის მორიგი მატჩი 11 იანვარს, რუსთავში, ამ ქალაქის გუნდსა და “სოხუმს” შორის გაიმართება.

ბათუმი – მარნეული
სტატისტიკა: 75:60