ბათუმი შავი ზღვის თასს უმასპინძლებს

ბათუმი შავი ზღვის თასს უმასპინძლებს

26-30 ივნისს ბათუმი საერთაშორისო ტურნირს – შავი ზღვის თასს უმასპინძლებს, რომელიც 15-წლამდელთა შორის გაიმართება. ტურნირში მონაწილეობას საქართველოსა და ლიეტუვას გუნდები მიიღებენ. ბათუმში ჩამოდიოდა რუსული კლუბი “ლეგიონიც”, თუმცა ბოლო დღეებში განვითარებული ცნობილი მოვლენების გამო ქალაქ სტარი ოსკოლის გუნდმა საქართველოში გამომგზავრებისაგან თავი შეიკავა.

“ლეგიონის” ადგილი დაიკავა ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდმა, რომელთან ერთადაც შავი ზღვის თასში მონაწილეობას კაუნასის “ჟალგირისი”, ასევე საქართველოსა და აჭარის ნაკრებები მიიღებენ. ჯგუფური ეტაპის თამაშები 26, 27 და 28 ივნისს ჩატარდება. ოთხივე გუნდი თითოჯერ შეხვდება ერთმანეთს და ფინალში 1-2 ადგილებზე გასული გუნდები შეხვდებიან, ხოლო ჯგუფის ბოლო 2 გუნდი მე-3 ადგილისთვის ითამაშებს. საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი მამუკა ტურაშვილია და ეს ის გუნდია, რომელმაც გასულ სეზონში ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში მიიღო მონაწილეობა. 

ტურნირი საქართველოს ეროვნული და აჭარის რეგიონალური ფედერაციების ერთობლივი ორგანიზებით ტარდება.  შავი ზღვის თასი ტრადიციული გახდება და აჭარის დედაქალაქში ყოველწლიურად ჩატარდება.