“ბათუმი” თსუ–საც ბოლომდე ებრძოლა, მაგრამ…

“ბათუმი” თსუ–საც ბოლომდე ებრძოლა, მაგრამ…

ბათუმელებმა გასულ კვირაში რუსთავში “ენერჯი–ინვესტსთან” დამატებით დროში წააგეს, დღეს კი არანაკლებ ძლიერ თსუ–ს ბოლო მეოთხედამდე გაუძალიანდნენ, თუმცა საბოლოოდ მაინც ხელმოცარულნი დარჩნენ.

 ერთი შეხედვით, თსუ – „ბათუმის“ ანგარიშიც არ მიანიშნებს
დაძაბულობაზე, მაგრამ ამხელა სხვაობა ბოლო წუთებში დაგროვდა, მანამდე კი, მთელი
სამი მეოთხედი და მეტიც, თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა.

თავიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი კი გაიჭრა წინ 10
ქულით, მაგრამ ბათუმელებმა მალევე დაალაგეს თამაში და მიუხედავად იმისა, რომ
საწყისი მეოთხედი 25:32 წააგეს, დიდ შესვენებაზე ქულიანი ლიდერობით გავიდნენ –
50:49.

ბათუმელები ძირითადად 3 მოთამაშის მარიფათზე იყვნენ დამოკიდებულნი –
ბესიკ ლეჟავა, დავით იმნაძე და პლასიდე როდუმტა. ხოლო თსუ–ში გამორჩეულად ქულებს
მიხეილ ფანჩულიძე აგროვებდა, რომელმაც საბოლოოდ 31 ქულა მიითვალა.

მესამე მეოთხედიც თანაბარი გამოდგა და გადამწყვეტი მეოთხედის წინ ფრე
იყო – 67:67. ასეთ საინტერესო მატჩს ფინალი სათანადო არ გამოუვიდა, რადგან ბოლოს
ბათუმელები აშკარად გადაიღალნენ, ხოლო თსუ–ს კალათბურთელებმა გასამარჯვებლად
საკმარისი ქულები მოიხვეჭეს, რომლის ავტორიც უმეტეს შემთხვევაში მიხეილ ფანჩულიძე
იყო.

ტურის ბოლო მატჩში სუპერლიგის დებიუტანტები და აუტსაიდერები – „სოხუმი“
და „ჭიათურა“ შეხვდნენ. შეხვედრა წესით საინტერესო უნდა გამომდგარიყო, მაგრამ
ასეთი მხოლოდ მისი პირველი მეოთხედი აღმოჩნდა, რის მერეც სოხუმელებმა რომ აიშვეს,
იმერლები სათოფეზე აღარ გაუკარებიათ.

„სოხუმისთვის“ ეს გახლდათ პირველი გამარჯვება ამ სეზონში, ხოლო
იმერლებმა გამარჯვების გემო ჯერაც არ იციან.

მატჩების სრული ოქმები იხილეთ ჩვენსავე ვებ–გვერდის განყოფილებაში: “გასული ტურის რეზულტატები”