ბათუმის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული “საქართველო 2004” გახდა

ბათუმის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული “საქართველო 2004” გახდა

ბათუმში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი 2004 წელს დაბადებულ მოზარდთა შორის, რომელშიც “საქართველო 2004” და “ბათუმთან” ერთად სომხური “არაბკირი” და თურქული “ტრაბზონსფორი” ასპარეზობდნენ. ტურნირის ორგანიზატორი აჭარის კალათბურთის ფედერაცია გახლდათ, ხოლო მხარდამჭერი – საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია.

შეჯიბრის დასკვნით დღეს გაიმართა მე-3 ტურის მატჩები, რომლის შედეგად გამოვლინდა ჩემპიონი და სხვა საპრიზო ადგილების მფლობელი გუნდები. ტურნირის გამარჯვებული გახდა მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილი “საქართველო 2004”, რომელიც სხვადასხვა ქართული კლუბებიდან შეკრებილი ამ ასაკის პერსპექტიული მოზარდებისგან გახლდათ დაკომპლექტებული.

გადამწყვეტ მატჩში “საქართველო 2004”-მა “ბათუმს” 73:57 სძლია და ჩემპიონი გახდა. გამარჯვებულებს 26 ქულით ნიკა გულიაშვილმა ულიდერა, 11 ქულა დააგროვა საბა ფარღალავამ. აღსანიშნავია ლუკა კუჭუხიძის ფარზე დომინირება, რომელმაც 14 მოხსნა მიითვალა. “ბათუმში” 11 ქულით ბომბარდირი გახდა ანრი ჯაფარიძე, დავით გვიანიძემ კი მასპინძლებს 10 ქულა მიაშველა.

დასკვნითი, მე-3 ტურის მეორე მატჩში “ტრაბზონსფორმა” 105:39 გაანადგურა “არაბკირი” და ტურნირზე მე-2 ადგილი დაიკავა. “ბათუმი” მესამეზე გავიდა, ხოლო სომხურმა კლუბმა ტურნირი მოუგებლად, მეოთხე ადგილზე დაასრულა.

დასკვნითი მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი. პრიზიორი გუნდები და ინდივიდუალური პრიზების მფლობელები ბათუმელმა მწვრთნელმა ჯაბა ბაქრაძემ, სუპერლიგის კლუბ “ბათუმის” მთავარმა მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მთავარმა მენეჯერმა გივი სანაძემ დააჯილდოვეს.

ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში საუკეთესო დამცველი და ძირითად სტატისტიკურ მაჩვენებელთა ლიდერები შეიყვანეს:
საუკეთესო მექულე – ნიკა გულიაშვილი (საქართველო 2004)
საუკეთესო მომხსნელი – კაჰრამანი (ტრაბზონსფორი)
საუკეთესო მეპასე – დავით გვიანიძე (ბათუმი)
საუკეთესო დამცველი – ლაშა ჩოხარიძე (ბათუმი)
ეფექტურობის კოეფიციენტის ლიდერი – ცოტნე ვაშაყმაძე (საქართველო 2004)

სტატისტიკის სანახავად დააკლიკეთ ანგარიშებზე
21 დეკემბერი

საქართველო 2004 – ტრაბზონი 63:49
ბათუმი – არაბკირი 108:34

22 დეკემბერი 
არაბკირი – საქართველო 2004  24:93
ბათუმი – ტრაბზონსფორი 49:73

23 დეკემბერი
არაბკირი – ტრაბზონსფორი 39:105
ბათუმი – საქართველო-2004  57:73

მესამე სათამაშო დღის ჰაილაითები:

ტურნირის საუკეთესო მომენტების ვიდეო-კრებული: