საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა “დინამო თბილისმა” მიმდინარე სუპერლიგაში ზედიზედ მეორედ წააგო. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი გუნდი გასულ ორშაბათს “მგზავრებთან” დამარცხდა, დღეს კი დინამოელებმა მორიგი შეხვედრა ბათუმში გამართეს და მასპინძლებთან დაძაბული მატჩი ოვერტაიმში – 71:77 დათმეს.
დინამოელები შეხვედრას უმეტესწილად იგებდნენ. მესამე მეოთხედში სტუმრები 10 ქულითაც დაწინაურდნენ, თუმცა მასპინძლების დაცვისა და ბოლომდე ბრძოლის შედეგად შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბათუმელთა მეფარის – ვახტანგ ქადარიას შორი სროლები. ტანმაღალმა მოთამაშემ მე-4 პერიოდში 2 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო დინამოელთა წელში გამტეხი სამქულიანი ოვერტაიმში მიითვალა – “ბათუმი” 73:69 დააწინაურა და ზღვისპირელებს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოაპოვებინა.
დინამოელები დებიუტში აგებდნენ. მასპინძლები 2-4 ქულით ნიადაგ წინ იყვნენ, თუმცა მეორე პერიოდის დასკვნითი 3-წუთეული სტუმრებმა 13:2 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 7-ქულიანი ლიდეორბით გავიდნენ – 37:30. მოპოვებული ლიდერობა “დინამომ” ვერ შეინარჩუნა. ბათუმელებმა ანგარიში ძირითადი დროის ბოლოსწინა წუთზე გაათანაბრეს – 66:66. ოვერტაიმში მოწოდების სიმაღლეზე მასპინძლები იყვნენ, რომლებმაც სუპერლიგის ლიდერი საბოლოოდ 6 ქულის სხვაობით დაამარცხეს და ლიდერებში გაერივნენ.
გამარჯვებულთაგან 17 ქულით ბომბარდირი სპენსერ კოლინსი გახდა. ვახტანგ ქადარიამ 16 ქულა მოაგროვა. 12 ქულით დაასრულა შეხვედრა ლეონიდ სტეპანიშინმა. “დინამოში” 16 ქულით ლაველ ბოიდი გამოირჩა. 13 ქულა დააგროვა ნოდარ გოგოძემ, ხოლო ილია ლონდარიძის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა.
“დინამომ” ბათუმში წაგებით სუპერლიგის ერთპიროვნული ლიდერობა დაკარგა. “ქუთაისსა” და “დინამოს” 10 მოგება და 3 მარცხი აქვთ და დაკარგული ქულებით ჩემპიონატს ლიდერობენ.