ბათუმმა რუსთავში იმარჯვა, ქუთაისმა კი თსუ-ჰიუნდაი დაამარცხა

ბათუმმა რუსთავში იმარჯვა, ქუთაისმა კი თსუ-ჰიუნდაი დაამარცხა

გუშინ დედაქალაქში დაწყებული სუპერლიგის პირველი ტური დღეს რეგიონებში გაგრძელდა. “რუსთავმა” “ბათუმს” უმასპინძლა, ხოლო ქუთაისში, ადგილობრივ გუნდთან სათამაშოდ “თსუ-ჰიუნდაი” ჩავიდა. 

ამ 2 მატჩიდან უფრო დაძაბული ქვემო ქართლში გამართული შეხვედრა გამოდა. რუსთაველებმა თამაში კარგად დაიწყეს და 12:4 დაწინაურების შემდეგ ბათუმელთა მწვრთნელს, გია კაზანჯიანს წუთშესვენებაც ააღებინეს, რამაც გაამართლა კიდეც. ზღვისპირელებმა თამაში გამოასწორეს, რაც უპირველესად დაცვის გამაგრების შედეგი გახლდათ. ტანმაღალი რუდოლფ ჯოლის განეიტრალების შემდეგ, ბათუმელთა ცენტრი სტეფან ანდრეევიჩი სამწამიან ზონაში გაბატონდა, ხოლო შეცვლაზე შესულმა სპენსერ კოლინსმა ბურთის გონივრულად გათამაშებას შედეგიანი გარღვევებიც შეუთავსა და პირველი პერიოდის 16:19 წაგების შემდეგ ზღვისპირელებმა მეორე ათწუთული 24:18 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 3-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ.

თამაშიც თანაბრად გაგრძელდა. ბათუმელები ლიდერობას ინარჩუნებდნენ, თუმცა წინ გაჭრას ვერ ახერხებდნენ. ბოლოსწინა წუთზე სტუმრებმა 6-ქულიან ლიდერობა მოიპოვეს, თუმცა რუსთაველებმა საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ ბოლო წამზე გათანაბრება შეეძლოთ. დილან ტელეის საფინალო სირენის თანხლებით ნასროლი სამქულიანი მიზანს ასცდა და “ბათუმმა” 73:70 გაიმარჯვა. 

ზღვისპირელებს 24 ქულითა და 16 მოხსნით სერბმა სტეფან ანდრეევიჩმა ულიდერა. სპენსერ კოლინსის ანგარიშზე 21 ქულა დაგროვდა. რუსთაველთაგან 17 ქულით და 13 მოხსნით რუდოლს ჯოლი გამოირჩა, 14 ქულა დააგროვა დილან ტელეიმ, ხოლო ისააკ ბენქსის ანგარიშზე 13 ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა.

რუსთავი – ბათუმი
სტატისტიკა: 70:73

პირველი ტურის ბოლო შეხვედრაში “ქუთაისმა” 80:73 დაამარცხა “თსუ-ჰიუნდაი”. სუპერლიგის დებიუტანტმა სუპერლიგის ვიცე-ჩემპიონს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა შანსს, თუმცა გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა ვერ მოახერხა და იმერულმა კლუბმა ჩემპიონატი დაგეგმილი გამარჯვებით დაიწყო. 

გამარჯვებულებს აკაკი დვალიშვილმა ულიდერმა. ქუთაისელთა ცენტრმა 20 ქულა მიითვალა და რაც ყველაზე საინტერესოა, ცენტრის პოზიციაზე მოთამაშემ 4-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. 17 ქულით დაასრულა შეხვედრა დეჟან რაიტმა, ხოლო გიორგი ბარბაქაძის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა. “თსუ-ჰიუნდაიში” 19 ქულით და 10 პასით საუკეთესო იყო ჯეიმს მილიკანი, ხოლო სანდრო სანაძის ანგარიშზეც 19 ქულა დაგროვდა. 

სუპერლიგის მეორე ტურის მატჩები 16 და 17 ნოემბერს გაიმართება. 

ქუთაისი – თსუ-ჰიუნდაი
სტატისტიკა: 80:73