ბათუმმა სტუს–თან ორჯერ მოიგო

მე–5 ტურის პირველი შეხვედრა დღეს ბათუმში გაიმართა. დავით
უსტიაშვილის გუნდმა ტექნიკურ უნივერსიტეტს გუნდს 91:86 სძლია და მიმდინარე
სეზონში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. 

როგორც ყოველთვის, სტუ–მ ამჯერადაც
ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ უიღბლობის ნავსი ვერ გატეხა. შესაბამისად, სტუ რჩება ერთადერთ გუნდად სუპერლიგაში, რომელსაც
გამარჯვება ჯერ არ მოუპოვებია. ბათუმელებმა კი საწყისი 2 მარცხის შემდეგ მომდევნო
2 ტურის მატჩები მოიგეს და სატურნირო ცხრილში საგრძნობლად დაწინაურდნენ. ერთბაშად
4 გუნდს აქვს 2–2 მოგებ–წაგება, რომლებიც სუპერლიგის ცხრილში III-VI ადგილებს
იყოფენ.

რაც შეეხება ბათუმურ მატჩს, მასპინძლები თავიდანვე დაწინაურდნენ.
სავით უსტიაშვილის გუნდმა ლამის საწყისი მეოთხედში გადაწყვიტა თამაშის ბედი: „ბათუმმა“
პირველი ათწუთეული 28:9 მოიგო. ტექნიკოსების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ
მიუხედავად ამხელა ჩამორჩენისა, მათ ბოლომდე იბრძოლეს და გადამწყვეტ ათწუთეულში
ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს, თუმც საბოლოოდ მასპინძლებმა მაინც იძალეს.

ბათუმელთაგან ერთბაშად 5 მოთამაშე ასცდა 10–ქულიან ზღვარს. სამმა
კაკათბურთელმა – ლევან ელიაძე, ლაშა კეშელავამ და ავთანდილ ელიკაშვილმა 14–14 ქულა
მოაგროვეს, ბომბარდირი კი 18 წლის ნოდარ თენიეშვილი გახდა, რომელმაც თავის გუნდს 22
ქულა შესძინა.

ტექნიკოსთაგან თავი ბექა ჩიკვილაძემ გამოიჩინა, რომელმაც 27 ქულა
მოაგროვა, თუმცა საჯარიმოს ხაზიდან ცოტა მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინა (15–დან 7
ჩააგდო), სტუ ალბათ გაიმარჯვებდა კიდეც.

ამ შეხვედრაში მიმდინარე სეზონის რეკორდი გაიმეორა დაფარებებში ვასილ
ბერუაშვილმა. სტუ–ს ახალგაზრდა ფორვარდმა 5 დაფარება მიითვალა. ზუსტად ამდენი
დაფარება მიითვალა „არმიის“ უკანახაზელმა ანატოლი ბოისამ მეორე ტურში სტუ–ს
წინააღმდეგ.

მე–5 ტურის დარჩენილი 4 მატჩი ხვალ, 27 ნოემბერს, სპორტის სასახლეში
გაიმართება. თამაშები 12 საათიდან დაიწყება.

მატჩის სტატისტიკა: http://superleague.ge/results.php?gameid=294