გუშინ რუსთავსა და ქუთაისში დაწყებული სუპერლიგის მე-9 ტური დღეს რეგიონშივე გაგრძელდა. აჭარის დედაქალაქმა საინტერესო დაპირისპირებას უმასპინძლა. “ბათუმმა” ცხრილში მეზობელსა და უშუალო კონკურენტ “ტიტებს” უმასპინძლა და საბოლოოდ დამაჯერებელი სხვაობით – 97:79 (სტატისტიკა) დაამარცხა.
ბათუმი სახლის გუნდად ყალიბდება. მიმდინარე სუპერლიგაში მოპოვებული სამივე გამარჯვება – ქუთაისთან თსუ-თან და ტიტებთან ზღვისპირელებმა ბათუმში მოიპოვეს, ხოლო ოთხივე გასვლითი შეხვედრა დათმეს. ერთადერთი საშინაო მატჩი, რომელიც აჭარლებმა დათმეს, გურჯაანის “დელტასთან” 6 ნოემბერს ჩატარებული შეხვედრა გახლდათ.
რაც შეეხება ტიტებს, ბესიკ ლეჟავას გაწვრთნილ გუნდს ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია თანაბარი ბრძოლა და გამარჯვების მოპოვება, თუმცა იმას აქვს დიდი მნიშვნელობა, როგორი განწყობით შეხვდება ტიტები კონკრეტულ მატჩს. ზოგადად, ბათუმი იმდენად ძლიერი არ გახლავთ ტიტებზე, რომ მეორე პერიოდი 31:15 მოეგო, ხოლო მესამე ათწუთეულში ლიდერობა 23 ქულამდე გაეზარდა, თუმცა რეალურად ასე მოხდა. თანაბარი პირველი პერიოდის შემდეგ მასპინძლებმა საკუთარი თამაში იპოვეს და მეორე ათწუთეულის 16 ქულით მოგების შემდეგ დიდ შესვენებაზე ხელჩასაჭიდი უპირატესობით გავიდნენ.
მესამე პერიოდში ვითარება არ შეცვლილა. ბათუმელებმა გააგრძელეს შედეგიანი თამაში, რაშიც თავისი წილი ახალმა ამერიკელმა ლეგიონერმა, ბრენდონ ალსტონმაც დაიდო. დებიუტის კვალობაზე ალსტონმა დიდებული სტატისტიკა აჩვენა: 19 წუთში 14 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. საუკეთესო კი ტრადიციულად კაილი რიდლი გახლდათ, რომელმაც 16 ქულა, 7 პასი, 5 მოხსნა და 3 ჩაჭრა დააგროვა. ბოლო პერიოდში მასპინძლების უპირატესობამ 27 ქულას მიაღწია და გამარჯვებულის ვინაობაც საფინალო სირენამდე ადრე გაირკვა. ტიტების მხრიდან სამმა კალათბურთელმა – კვენტინ დევისმა, აკაკი ლომოურმა და ლუკ მოიერმა 16-16 ქულა დააგროვა.
სუპერლიგის მე-9 ტურის დარჩენილი 2 მატჩი ხვალ, 18 დეკემბერს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.