სუპერლიგის გადადებული მატჩი გაიმართა 8 მარტს ბათუმში. აჭარაში სათამაშოდ საკალათბურთო კლუბი “ვერა” ჩავიდა, რომელიც ერთობ დასუსტებულია და აღმავლობის გზაზე მყოფ ბათუმელებთან ვერაფერი გააწყო. აჭარულმა გუნდმა წინა მატჩში შინ სუპერლიგის ლიდერი “ქუთაისი” გაანადგურა, ახლა კი სამეულში მყოფ კიდევ ერთ გუნდს გაუსწორდა.
“ვერამ” მხოლოდ 1 ლეგიონერით ითამაშა, როცა გუნდში მთლიანობაში 3 უცხოელი ჰყავს (თაჩ უნრუჰი ვერელებმა ოფიციალურად გუშინ გაუშვეს). ზაკ სელიასმა მისთვის ჩვეულად ზეშედეგიანად ითამაშა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა დაბალანსებული “ბათუმის” დასამარცხებლად. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა აჭარულმა გუნდმა პირველი პერიოდი 22:12 რომ მოიგო, მას შემდეგ მეტოქე ახლოს აღარ მიუშვია.
საბოლოოდ ბათუმელებმა 77:63 გაიმარჯვეს და სუპერლიგის ცხრილში მე-3 ადგილამდე ავიდნენ. გამარჯვებულებს 20 ქულით და 15 მოხსნით დე ანჯელო სტიუარტმა ულიდერა. 15 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი კაილ რიდლის ანგარიშზეა. 12 ქულა სპენსერ კოლინსმა მოაგროვა. “ვერაში” საუკეთესო იყო ზაკ სელიასი – 28 ქულა და 14 მოხსნა. 10 ქულა, 6 პასი და 5 მოხსნა დავითა წივწივაძემ მიითვალა.
ამ ტურის მორიგი მატჩები 11 და 12 მარტს – ქუთაისსა და თბილისში გაიმართება.