საქართველოს სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის მესამე შეხვედრა ზესტაფონში განსაკუთრებული დაძაბულობით წარიმართა. იმის გათვალისწინებით, რომ „ქუთაისი 2010“-სა და „ბათუმს“ შორის ანგარიში სერიაში თანაბარი — 1:1 იყო, დღევანდელ გამარჯვებას ორივე გუნდისთვის ფინალისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის ფასი ჰქონდა.
ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა შეხვედრა ფურიორით დაიწყო და მაირინ ტომასისა და გიორგი ოჩხიკიძის ეფექტური თამაშით მალევე 11:0 დაწინაურდა. ქუთაისელებმა მატჩის სტარტზე საკუთარი თამაში ვერ იპოვეს, თუმცა ხასიათის ჩვენება მეორე პერიოდში შეძლეს, როდესაც კახაბერ ჯინჭარაძის შორეული გასროლით ანგარიში ჯერ გაათანაბრეს (26:26), ხოლო დეტრეკ ბრაუნინგის აქტიურობით მცირე ხნით წინაც კი გავიდნენ. მიუხედავად მასპინძელთა მცდელობისა, დიდ შესვენებაზე ლიდერის სტატუსით მაინც ბათუმელები გავიდნენ.
მატჩის კულმინაცია ბოლო მეოთხედი გამოდგა, სადაც ქუთაისმა სხვაობის 7 ქულამდე შემცირება შეძლო, თუმცა გადამწყვეტ მომენტში სიტყვა კვლავ მაირინ ტომასმა თქვა. მისმა ცივსისხლიანმა სამქულიანებმა სტუმრებს კომფორტული ჰანდიკაპი დაუბრუნა და მასპინძელთა იმედები საბოლოოდ დაასამარა. ტომასმა შეხვედრა 28 ქულით, 9 მოხსნითა და 4 პასით დაასრულა, რაშიც მას მხარი გიორგი ოჩხიკიძემ (18 ქულა, 8 პასი) და ორმაგი დუბლის ავტორმა, კარსონ ბაშამმა (11 ქულა, 10 მოხსნა) აუბეს. ქუთაისელთა რიგებში 26 ქულით საუკეთესო დეტრეკ ბრაუნინგი იყო, თუმცა მისი შედეგიანობა გუნდური გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. 96:79 (სტატისტიკა) მოგებით „ბათუმი“ სერიაში 2:1 დაწინაურდა და ფინალამდე მხოლოდ ერთი გამარჯვება აშორებს.
ნახევარფინალის მომდევნო შეხვედრა კვლავ ზესტაფონში, 15 მაისს გაიმართება, პარალელურად კი ყურადღება ტყიბულისკენ არის მიპყრობილი, სადაც მეორე ნახევარფინალურ წყვილში „ორბი“ „თსუ“-ს მასპინძლობს.