Batumi Open-ის გამარჯვებული საქართველოს ტალინში, ფიბა-ევროპის ევროტურზე წარმოადგენს

Batumi Open-ის გამარჯვებული საქართველოს ტალინში, ფიბა-ევროპის ევროტურზე წარმოადგენს

   10-11 აგვისტოს ესტონეთის დედაქალაქი ტალინი ფიბა-ევროპის ევროტურის შემადგენელ ტურნირს უმასპინძლებს 3X3 კალათბურთში. 

ამ პრესტიჟულ შეჯიბრში ჩვენი ქვეყნის სახელს 26 ივლისს ბათუმში საქართველოს კალათბურთის ფედერაციის,სპორტის სამინისტროს და აჭარის კალათბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულიEuro Basketball Batumi 2013-ის გამარჯვებული გუნდი And 1 დაიცავს.
3X3 კალათბურთში ფიბა-ევროპის ოფიციალური ტურნირი (ევროტური) 10 ეტაპად იყოფა. ევროტურის შემადგენელი 5 ეტაპი უკვე გაიმართა ბუქარესტში, პრაღაში, ანტვერპენში, ჰააგასა და რიგაში. ტალინი მე-6 გაჩერებაა, სადაც თავს ევროპის წამყვანი გუნდები მოიყრიან, რადგან ესტონურ ტურნირზე ევროტურის ფინალის საგზური თამაშდება. ტალინში გამარჯვებული გუნდი 27-28 სექტემბერს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დაგეგმილ ფინალურ ეტაპზე გაემგზავრება, ხოლო თითოეული გამარჯვებისთვის ტურნირის მონაწილეები პირად რეიტინგს მნიშვნელოვნად აიმაღლებენ.
ტურნირში მოყვარული და ყოფილი კალათბურთელები მიიღებენ მონაწილეობას. ზოგადად, მსოფლიოში, 3X3-ზე კალათბურთს არაპროფესიონალი კალათბურთელები თამაშობენ, რომელთათვისაც ქუჩის კალათბურთი ერთგვარი გამოწვევა და დიდ კალათბურთში ფეხის მოკიდების შანსია.

ტალინში გასამართი ტურნირი 2 ეტაპადაა დაყოფილი. 10 აგვისტოს საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართება, სადაც გამარჯვებული გუნდები მეორე დღეს ფინალურ ეტაპში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ. ქართული გუნდი, რომელიც ტურნირში ”თბილისის” სახელით გამოვა, პირდაპირ ფინალურ ეტაპზეა დაშვებული. ეს პატივი ქართველებს საკმაოდ წარმომადგენლობითი ტურნირის – Euro Basketball Batumi 2013-ის მოგების გამო ხვდათ.
Tallin Open-ში ადგილობრივ და ქართულთან ერთად ხორვატული, ლიტვური, სლოვენიური, ლატვიური, რუსული და ჰოლანდიური გუნდები ითამაშებენ. ლაშა ეძგვერაძის, ირაკლი ალხანაიძის, ბექა ნუცუბიძის და დავით აკოლაშვილისგან შემდგარი ”თბილისი” ჯგუფში ლიტვურ HIDRAS- თან და სლოვენიურ ADECCO-სთან მოხვდა. მეოთხე გუნდის ვინაობა 10 აგვისტოს საკვალიფიკაციო ტურნირის შედეგად გამოვლინდება.
Tallin Open-ზე სპეციალური მიწვევით გაემგზავრა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის 3X3-ზე კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელი გიგა გურგენიძე, რომელიც ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტში იქნება ჩართული.
ქართული გუნდის ტალინში გაგამგზავრებას უზრუნველყოფს Euro Basketball Batumi 2013-ის სპონსორი, აზარტული თამაშების კომპანია ”ევროპაბეთი”.