ბელარუსმა ესტონეთი დამატებით დროში დაამარცხა

ბელარუსმა ესტონეთი დამატებით დროში დაამარცხა

ბელარუსმა და ესტონეთმა დაასრულეს თბილისის საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლა. ამ გუნდების შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ ბელარუსის გამარჯვებით დასრულდა. ტურნირის ბოლოსწინა მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და მისი ბედი დამატებით დროში გაირკვა.
მატჩი თავიდანვე დაძაბული იყო. გუნდები ერთმანეთს დაწინაურების საშუალებას არ აძლევდნენ. მესამე მეოთხედში ბალტიისპირელებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს. მათმა ლიდერობამ 15 ქულას მიაღწია, მაგრამ ბელარუსები არ დანებდნენ. არტიომ პარახუტსისა და ალექსანდრ კუდრიავცევის აქტიურობით მესამე მეოთხედის ბოლოს ესტონელთა უპირატესობა 3 ქულამდე შემცირდა.

გადამწყვეტი ბოლო მეოთხედი გამოდგა, რომელშიც, რომ იტყვიან, სამქულიანების წვიმა წამოვიდა. ორივე გუნდი შედეგიანად ლაშქრავდა ფარს შორიდან, თუმცა საბოლოოდ ვერც ერთმა გუნდმა ვერ იძალა. 78:78 – ამ ანგარიშით დასრულდა მატჩის ძირითადი დრო. დამატებით დროში ბელარუსებმა საბოლოოდ გატეხეს ესტონელები და 92:84 გაიმარჯვეს.
ის, თუ საბოლოოდ რომელ ადგილს დაიკავებს ესტონეთის მძლეველი ბელარუსი, ტურნირის ბოლო მატჩის დასრულების შემდეგ გაირკვევა, სადაც ერთმანეთს საქართველოსა და უკრაინის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდებიან.

 
სატურნირო ვითარება
ბესარუსი                   3          2          1          5
საქართველო              2          2          0          4
უკრაინა                      2          1          1          3
ესტონეთი                  3          0          3          3
გერტ დორბეკი: თავდაპირველად შეხვედრა კარგად დავიწყეთ, საბოლოოდ ვევრაფრს გავხდით და ოვერტაიმში დავმარცხდით, სადაც გამარჯვება იღბლიანმა გუნდმა მოიპოვა. 
 
არტსიომ პარახაუსკი: საკმაოდ რთული  თამაში იყო, ესტონეთი შესანიშნავი გუნდია, თუმცა გადამწყვეტ მომენტში მობილიზება ჩვენმა გუნდმა მოახერხა და გამარჯვებაც მოიპოვა.
 
ტიიმო სოკი, ესტონეთის მთავარი მწვრთნელი: სამწუხაროდ ჩვენს გუნდს გამარჯვებისთვის საკმარისი ძალები არ აღმოაჩნდა. მოხსნებში საკმოდ დაბალი შედეგი ვაჩვენეთ, რაც მარცხის მნიშვნელოვანი მიზეზი გახდა.  რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო ტურნირს, მას  დადებითად  შევაფასებდი,  საქარველოს ნაკრებში დიდებული მოთამაშეები თამაშობენ და მათ წარმატებას ვუსურვებ.
 
ანდრეი კრივონოსი, ბელარუსის მთავარი მწვრთნელი: ძალიან საინტერესო თამაში იყო. მოხარულები ვართ, რომ ასეთ დაძაბულ მატჩში გამარჯვება ჩვენ მოვიპოვეთ. თბილისის საერთაშორისო ტურნირზე ჩვენი ნაკრები უკვე მეორედ ასპარეზობს. ვფიქრობ, ასეთი ტიპის ტურნირები ხელს უწყობს გუნდების კლასის ამაღლებასა და  მათ მომზადებას მნიშვნელოვანი ღონისძიებებისთვის. წლევანდელი ტურნირით ძალიან კმაყოფილნი ვართ და კვლავაც სიამოვნებით ვიასპარეზებდით.

 ლაშა კუპრაშვილის (www.worldsport.ge) ფოტოები