ბელარუსში გამარჯვებით ქართველებმა A დივიზიონი შეიგრძნეს

ევროპის ჩემპიონატი . B დივიზიონი. პლეი ოფი. პირველი მატჩი. მოგილოვო. 5 სექტემბერი
ბელარუსი 75:89 საქართველო
17:23 15:22 22:19 21:25
 
– რომელი იქნება თქვენთვის დამაკმაყოფილებელი შედეგი?
ეს ვკითხე 4 სექტემბერს ჩვენი ნაკრების ერთ–ერთ მწვრთნელ დავით უსტიაშვილს, როცა ბელარუსში ტელეფონით შევეხმიანე. მისი პასუხი იყო:
– რა თქმა უნდა, გამარჯვება.
5 სექტემბერს, მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები მართლაც კმაყოფილი იყო. უფრო სწორად, მთელი საქართველო იყო კმაყოფილი, ისე შთამბეჭდავად და შემართებით ითამაშეს ჩვენი ნაკრების წევრებმა მოგილიოვში ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ. მატჩი პირდაპირ ეთერში გადმოსცა  „პირველმა არხმა“ და რეპორტაჟის ყურებით ქართველებმა გაიხარეს. იგორ კოკოშკოვის დამოძღვრილმა ქართველებმა ყველა სათამაშო რგოლსა თუ ტაქტიკაში დაჩაგრეს მასპინძლები. მათ წარმატების არანაირი შანსი არ დაუტოვეს და ის ოცნება, რის ახდენასაც 6 წელია ელის ქართველი გულშემატკივარი, თითქმის აისრულეს.
 
ვინმეს სჯერა, რომ მოგილოვოში 89:75 გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრები გადავსებულ თბილისის სპორტის სასახლეში 14 ქულით წააგებს? ეს არარეალურია, მაგრამ ჯერ მაინც შევიცადოთ და საქართველოს ნაკრებს A დივიზიონის საგზური 9 სექტემბრის საღამოს, მატჩის დასრულების შემდეგ მივულოცოთ.
 
მოგილოვოს მატჩში ქართველებმა სწორედ იმ კომპონენტში გამოავლინეს სიმტკიცე, რომელშიც აქამდელ მატჩებში ყველაზე მეტად მოიკოჭლებდნენ. ესაა საჯარიმო სროლები. კოკოშკოვის გუნდმა 31 ცდიდან 25 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ზაზა ფაჩულიამ 11 ცდიდან არც ერთი არ ააცილა.
 
ბელარუსებმა ჩვენზე 2–ით მეტი ორქულიანი ჩააგდეს, ხოლო სამიანებში ერთით ჩამოგვრჩნენ. აი, საჯარიმოები კი საქართველომ 15–ით მეტი ჩააგდო, თითქმის იმდენი, რამდენითაც საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც.
ეს იყო ჩვენი გუნდის ძირითადი ტაქტიკა – შეტევა ფარქვეშიდან, სადაც ბელარუსებს ყველაზე დიდი პრობლემები ჰქონდათ ტანმაღალი კალათბურთელების ნაკლებობის გამო. ზაზა ფაჩულია იყო ჩვენი ფარქვეშა ბურჯი, რომელზეც ეწყობოდა შეტევა და რომელიც, როგორც უკვე ვთქვით, რობინ ჰუდივით ესროდა მიზანში. ზაზა ან აგდებდა, ან საჯარიმოს ხაზზე დგებოდა – ორივე შემთხვევაში ის სახიფათო იყო ბელარუსებისთვის. მასპინძლები თავიდან 3–4 ქულით რომ დაწინაურდნენ, სწორედ ზაზა ფაჩულიას თავგამოდებამ დააწინაურა ჩვენები.
 
თუმცა მხოლოდ ფარქვეშა თამაში არ ყოფილა კოკოშკოვის გუნდის სტრატეგია. ჩვენები ძალიან კარგად ესროდნენ შორიდან და გამოზომილი, გამჭოლი პასებით სერავდნენ მასპინძელთა დაცვას. კოკოშკოვმა იდუმალი იარაღივით გამოიყენა კოტე ტუღუში, რომლის პირველ მეოთხედში მოედანზე გამოჩენას ალბათ არ ელოდნენ ბელარუსები. კოტე კი ადგა და 2 სამქულიანი უთავაზა მასპინძლებს, რაც უდიდესი სტიმული და სარგებელი იყო ქართველებისთვის. ვლადიმერ ბოისამ კი საერთოდ სასწაული მიზანი გამოავლინა – 5 დან 4 სამიანი ჩააგდო 205 სანტიმეტრიანმა ფორვარდმა, რასაც კიდევ უფრო მაღალი ნიკა ცქიტიშვილის 2 შორი სროლაც დაერთო და ბელარუსები პერიმეტრზეც დაიჩაგრნენ.
 
ჩვენები პრაგმატულად ხომ თამაშობდნენ, მაგრამ ეფექტურობასაც არ ივიწყებდნენ. პირველ ტაიმში ულამაზესად, პასის ჰაერში დაჭერითა და ერთი მოძრაობით ჩატენვა ვიქტორ სანიკიძემ მეორეშიც გაიმეორა. ეს იყო სპეციალურად დამუშავებული კომბინაცია, რაც მხოლოდ ისეთ მოთამაშეზე ეწყობა, რომელსაც უმაღლესი ნახტომი აქვს. სანიკიძეს კი, მართლაც რომ ფენომენალური ნახტომი აქვს და მან ეს 5 სექტემბერს მაგილოვოშიც დაამტკიცა. „ვიკა“ 203 სანტიმეტრია, ნომინალურად 3 ნომერზე, ანუ ფრთის პოზიციაზე თამაშობს, თუმცა მატჩში საშუალოდ მოხსნილი 11,1 ბურთით ის B  დივიზიონის საუკეთესო მომხსნელი გახდა ალბანელ ენდრიტ ჰისენაგოლთან ერთად.
 
ქართველებმა პირველ მეოთხედში რომ მოიპოვეს ლიდერობა, თამაშის ბოლომდე ხელიდან აღარ გაუშვიათ. ის კი არა, მესამე მეოთხედში ჩვენმა ლიდერობამ 20 ქულას მიაღწია, თუმცა საბოლოოდ მოგებული 14–იც არაა ცუდი შედეგი და სრულიად საკმარისია საპასუხო მატჩისწინა გამწყობისთვის.
 
ერთადერთი უფერული მომენტი ჩვენებისთვის ის ინციდენტი იყო, რომელიც ბოლო მეოთხედში მოხდა. ფარქვეშ შეჭრილი ტაირონ ელისი, რასაც ჰქვია, ჩაქოლეს ბელარუსებმა და მსაჯმა არაფერი შეიმჩნია. ამას ელისის რეაქცია მოჰყვა და მსაჯმა მას ტექნიკური და დისკვალიფიკაცია გამოუწერა. შესაბამისად, მისი 9 სექტემბრის მატჩში თამაში სათუოა. გააჩნია, რა ვერდიქტს გამოუტანენ ჩვენს ნატურალიზებულ გამთამაშებელს ფიბა–ს დისციპლინარები.
 
მაშ ასე, 9 სექტემბერს თბილისში ბელარუსებს ვეთამაშებით და A დივიზიონში გადასასვლელად 13–ქულიანი დამარცხებაც კი გვაძლევს ხელს. თუმცა რა დამარცხება – ბელარუსები იმაზე მეტად უნდა დავჩაგროთ, რაც მოგილოვოში მოვუგეთ – 9–ში ხომ ჩვენებს ერთ მუშტად შეკრული სპორტის სასახლე ედგება გვერდში. ცნობისთვის – ჩვენი სპორტის სასახლე მოგილოვოს დარბაზზე 5–ჯერ მეტ ქომაგს იტევს.
 

ვიქტორ სანიკიძემ ჩატენილი ბურთები არც ბელარუსებს დააკლო