ბექა ბურჯანაძე კარიერას იტალიის სერია “ა”-ში გააგრძელებს

ბექა ბურჯანაძე კარიერას იტალიის სერია “ა”-ში გააგრძელებს

კიდევ ერთი ქართველი ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს საკალათბურთო ლიგაში. ბექა ბურჯანაძე კარიერას იტალიურ სერია “ა”-ში გააგრძელებს. “რეჯიო ემილიამ”, რომელიც იტალიის ჩემპიონატში 6 ტურის შემდეგ მოპოვებული 2 გამარჯვებით მე-11 ადგილზეა, ქართველ ფორვარდს კონტრაქტი გაუფორმა. თორნიკე შენგელიას შემდეგ, რომელიც “ვირტუს ბოლონიას” ღირსებას იცავს, ბურჯანაძე სერია “ა”-ში მეორე ქართველი იქნება.

ბექამ „რეჯიო ემილიაში“ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და მის დებიუტს უახლოეს ტურში უნდა ველოდოთ. მისი გუნდი იტალიის ჩემპიონატში 19 ნოემბერს „ვერონას“ დაუპირისპირდება, ხოლო 22 ნოემბერს – ჩემპიონთა ლიგაზე თურქულ „პინარ კარშიაკასთან“ ითამაშებს.

ბურჯანაძე მიმდინარე სეზონში უგუნდოდ იყო, წინა სეზონი კი ესპანურ “ბეტისში” გაატარა.