ბექა ბურჯანაძე მოედანს დაუბრუნდა!

ბექა ბურჯანაძე მოედანს დაუბრუნდა!

ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი უქმობის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი, ბექა ბურჯანაძე მოედანს დაუბრუნდა. მუხლის ტრავმის გამო ბურჯანაძეს დაახლოებით წელიწადნახევარი გაუცდა და მან ან პერიოდში გუნდიც კი გამოიცვალა – “”ანდორადან” ესპანურ “გიპუზკოა ბასკეტში” გადავიდა. 19 სექტემბერს კი დადგა ის დღე, როცა ბურჯანაძე მოედანზე გამოჩნდა და ბრწყინვალე დაბრუნებაც მოიწყო.

ბურჯანაძე ახალი გუნდის განაცხადში პირველად 12 სექტემბრის მატჩში გამოჩნდა, თუმცა, მაშინ მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცემია. იმ შეხვედრაში “გიპუზკოა ბასკეტმა” მადრიდულ “ფუენლაბრადასთან” 60:69 წააგო.
აი, “სარაგოსასთან” მოგებულ (91:87) მატჩში კი ბექა პირდაპირ სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 8 ქულის ჩაგდებაც მოახერხა.
“გიპუზკოა ბასკეტს” მომდევნო საკონტროლო შეხვედრა 20 სექტემბერს “სან პაბლო ბურგოსთან” ელის და იმედია, რომ ქართველი ლეგიონერი კიდევ უფრო მეტად დაიტვირთება.

მოედანზე დაბრუნებას თავად ბექა ასე გამოეხმაურა:  “ჩემთვის დიდებული დღე იყო. თითქმის წელიწადნახევრის მერე მოედანზე პირველად გავედი და საკონტროლო მატჩში მონაწილეობა მივიღე. მინდა, ყველა იმ ადამიანს, რომელიც რთულ პერიოდში გვერდით მედგა, დიდი მადლობა გადავუხადო. მათ ყველაფერი გააკეთეს, რათა ეს დღე დამდგარიყო”.