ბექა ბურჯანაძემ ტრავმა მოირჩინა – მან ბეტისის ხუთეულში ითამაშა

ბექა ბურჯანაძემ ტრავმა მოირჩინა – მან ბეტისის ხუთეულში ითამაშა

სასიამოვნო ინფორმაცია ქართულ ლეგიონში. ბექა ბურჯანაძე, რომელმაც ეროვნული ნაკრების გასული ფანჯრის მატჩები ტრავმის გამო გამოტოვა, მოედანს დაუბრუნდა. ბურჯანაძეს მუხლები აწუხებდა და დეკემბრის შემდეგ უთამაშია. ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში კი ის “ბეტისის” სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა.

“ბეტისმა” “ბურგოსს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 71:74 დამარცხდა. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 20:04 წუთი გაატარა, რაც წლეულს მისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. ბექამ 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი კი ააცილა და 4 ქულას 7 მოხსნა წაამატა. ბურჯანაძემ ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს და მის წინააღმდეგ თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.

მასპინძელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი ჯეიკობ ვილი იყო, რომელმაც თებერვლის ბოლოს საქართველოს ნაკრებთან მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის ორივე საკვალიფიკაციო მატჩში ითამაშა, თუმცა, დიდად გამორჩეული არ ყოფილა. ამჯერად, ვილიმ 14 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.

ბეტისმა 6 მოგების წილ მე-15 მარცხი განიცადა, წინ სწორედ ბურგოსი გაუშვა და ბოლო ადგილზე გადაინაცვლა. ბურჯანაძის კლუბი უსაფრთხო ზონაში მყოფ გუნდებს მხოლოდ 1 გამარჯვებით ჩამორჩება და უდავოა, რომ მთავარი ბრძოლები ჯერაც წინ ელის. ბეტისი მომდევნო მატჩს 13 მარტს ბარსელონაში ჩაატარებს