ბექა ბურჯანაძის MVP-ის ტიტული და გასვლითი გამარჯვება კონკურენტ “მურსიასთან”

ბექა ბურჯანაძის MVP-ის ტიტული და გასვლითი გამარჯვება კონკურენტ “მურსიასთან”

ბექა ბურჯანაძის “დელტეკომ” ესპანეთის ჩემპიონატი ცუდად დაიწყო, დიდი ხნის განმავლობაში ბოლო ადგილს ტკეპნიდა, თუმცა ნელ-ნელა ტრავმამოშუშებული ბექაც ფორმაში შევიდა და გუნდიც ათამაშდა.

ესპანეთის ჩემპიონატის რეგულარული ეტაპის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი. აქამდე ბექას “დელტეკო” მუდმივად გასავარდნ ზონაში (ორი ვარდება) იყო, 5 მაისს კი ფასეული გამარჯვება მოიპოვა და მე-16 პოზიციაზე (ბოლოდან მესამეზე) აინაცვლა. მისი მოწინაარმდეგე “მურსია” გახლდათ, გუნდი, რომელიც “დელტეკოზე” ურთიერთშეხვედრამდე ერთი საფეხურით წინ იყო. ბურჯანაძის თანაგუნდელებმა კი სტუმრად 74:61 გაიმარჯვეს და სატურნირო ცხრილში “მურსიას” ადგილი გაუცვალეს.

სანსებასტიანელებს 10 მოგება, 20 წაგება აქვთ, ხოლო მურსიელებს – 9 მოგება, 21 წაგება. თუ ასე განაგრძო “დელტეკო” ლიგაში ადგილს აუცილებლად შეინარჩუნებს, თუმცა უახლოესი შეხვედრა, 9 მაისს თორნიკე შენგელიას “ბასკონიასთან” აქვს.

მურსიაში გამარჯვებაში ბურჯანაძეს დიდი წვლილი მიუძღვის. ქართველმა კალათბურთელმა 29:22 წუთში 13 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი შესძინა საკუთარ გუნდს. ბექამ 6-დან 3 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა და ეს ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გამოდგა.