ბექა ჩიკვილძის ისტორიული ოთხმაგი დუბლი

ბექა ჩიკვილძის ისტორიული ოთხმაგი დუბლი

საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატებში გამორჩეული ამბები მოხდა და ჩვენც გადავწყვიტეთ, ამ მოვლენებისთვის ცალკე წერილი მიგვეძღვნა. საქმე ეხება 18 და 20-წლამდელთა ჩემპიონატებში დაფიქსირებულ შედეგებს. “სოხუმის” უკანახაზელმა რევაზ როგავამ სამმაგი დუბლი ჩაჭრებით შეასრულა, ხოლო სტუ-ელმა ბექა ჩიკვილაძემ სულაც ბოლო წლების უნიკალური შედეგი დააფიქსირა – რაც საქართველოს ჩემპიონატებში სტატისტიკის კომპიუტერული აღრიცხვა ხორციელდება, ოთხმაგი დუბლი არავის შეუსრულებია და სავარაუდოდ, არც მანამდე მოახერხებდა ვინმე, ოთხი სტატისტიკური მაჩვენებელი ორციფრა რიცხვით გამოეხატა.
18-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩი გაიმართა გასულ პარასკევს რუსთავში. ადგილობრივ გუნდს “სოხუმმა” 87:63 მოუგო, ხოლო სოხუმელთა გამთამაშებელმა რეზო როგავამ 14 ქულა, 11 პასი და 11 ჩაჭრა მიითვალა. სამმაგი დუბლი არაერთხელ მოუგროვებიათ, თუმცა როცა ამას ჩაჭრით ახერხებს ვინმე, ეს მართლაც გამორჩეული მოვლენაა. ძირითადად, სამმაგ დუბლს ქულებით, მოხსნებითა და პასებით აგროვებენ. როგავამ კი 11 ჩაჭრა განახორციელა და პარალელურად პასები და ქულებიც ორნიშნა რიცხვით გამოხატა.
ბექა ჩიკვილაძის ოთხმაგი დუბლი კი თამამად ჩაითვლება ისტორიულად. სტუ-მ 20-წლამდელთა ჩემპიონტში გუშინ “რუსთავი” 95:54 დაამარცხა, ბექამ კი 28 ქულა, 14 მოხსნა, 10 პასი და 10 ჩაჭრა მიითვალა. შეიძლება ითქვას, ჩიკვილაძეს რაც სურდა, მოედანზე იმას აკეთებდა. როგორც თავად მოთამაშე და მისი მწვრთნელი გია ტეტელაშვილი ამბობენ, ისინი ამ შთამბეჭდავ შედეგზე არც ფიქრობდნენ და ოთხმაგი დუბლის შესახებ მატჩის შემდეგ ოქმიდან შეიტყვეს.

ბექა ჩიკვილაძე რუსთაველთა კალათს უტევს
“ბექა მართლაც გამორჩეუად თამაშობდა, მაგრამ თუკი ის ოთხმაგ დუბლზე მიდიოდა, მატჩის მსვლელობისას არაფერი ვიცოდი. მე იგი რამდენიმე წუთს დავასვენე კიდეც. ოთხმაგი დუბლის შესახებ რომ მცოდნოდა, მოედნიდან ხომ არ გავიყვანდი” – აღნიშნა სტუ-ს მწვრთნელმა გია ტეტელაშვილმა.
“თამაშის შემდეგ ჩვეულებრივ გამოვედი მოედნიდან და გასახდელში წასასვლელად ვემზადებოდი – ამბობს ბექა ჩიკვილაძე – ჩემი თანაგუნდელი მოვიდა მატჩის ოქმით და მანახა, რომ ოთხმაგი დუბლი შევასრულე. მე ამის შესახებ თამაშის მსვლელობისას არც ვფიქრობდი და სიმართლე გითხრათ, არათუ ოთხმაგი, არამედ არც ის მეგონა, რომ სამმაგ დუბლს შევასრულებდი”.
ბექა ჩიკვილაძე მატჩში საშუალოდ ჩაგდებული 21,6 ქულით მიმდინარე სუპერლიგის ბომბრდირია, ხოლო 20-წლამდელებში 22,7 ქულით – მესამეა.
რუსთავი – სოხუმი   63:87სტუ – რუსთავი         95:54