მიხეილ ბერიშვილის „ზლატოროგმა“ სლოვენიის ჩემპიონატში მნიშვნელოვანი მატჩი, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო. ლაშკოელები სოშტანში „ელექტრას“ შეხვდნენ და 1 ქულის სხვაობით – 66:65 იმარჯვეს.
მიუხედავად იმისა, რომ „ელექტრა“ აუტსაიდერია და სლოვენიის მიმდინარე ჩემპიონატში გამარჯვება ჯერ არ მოუპოვებია, ბერიშვილის გუნდს ბლომდე და ღირსეულად ებრძოლა. შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე, ლაშკოელთა სასარგებლოდ გადაწყდა.
ბერიშვილი სათადარიგო იყო, თუმცა მოედანზე საკმაო ხნით იმყოფებოდა. 24 წუთში ქართველმა ლეგიონერმა 4 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა. ბერიშვილმა 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ლაშკოელთაგან 16 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო იგორ ტრატნიკი გახლდათ.
6 მოგებითა და 2 მარცხით „ზლატოროგი“ ცხრილში მე-3 ადგილზეა. სლოვენიის ჩემპიონატის მომდევნო ტურში, 13 დეკემბერს, ბერიშვილის გუნდი „როგაშკას“ უმასპინძლებს.