ბესიკ ლიპარტელიანი: ძლიერ ჯგუფში მოვხვდით, საიდან გასვლის შანსი გაგვაჩნია

ბესიკ ლიპარტელიანი: ძლიერ ჯგუფში მოვხვდით, საიდან გასვლის შანსი გაგვაჩნია

პოსტოინაში დასრულებული კენჭისყრის შემდეგ სლოვენიაში საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანს დავუკავშირდით, რომელმაც შემდეგი კომენტარები გააკეთა…
 

 
– საკმაოდ ძლიერ ჯგუფში მოვხვდით, თუმცა შეიძლებოდა კიდევ უფრო უხერხული მეტოქეები შეგვხვედროდა. ანაც პირიქით, ამაზე სუსტ ჯგუფში მოვხვედრილიყავით. მაგალითად, ამ გადმოსახედიდან A ჯგუფი უფრო გვეიოლება, სადაც საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, უკრაინა, ბელგია და ისრაელი მოხვდნენ. სამაგიეროდ, B და D ჯგუფები, ვთვლი, რომ ჩვენსაზე უფრო ძლიერია.
 
– ეს მთლიანობაში და ცალკეულ მეტოქეებზე რას იტყვით?
 
– ცალკეულად თუ ავიღებს, ესპანეთი ყველაზე უხერხული მეტოქეა. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონთან ჯგუფში ყოფნას არავინ ისურვებდა. შეიძლება ითქვას, რომ ესპანეთს ჯგუფში პრობლემა არ შეექმნება და ყველა მეტოქესთან დაგეგმილ გამარჯვებას მოიპოვებს. სლოვენია წინა ევროპის ჩემპიონატზეც ჩვენს ჯგუფში იყო და ეს ერთის მხრივ კარგია, მაგრამ უარყოფითი ფაქტორია, რომ იგი მასპინძელია და ამით ძალიან დიდ უპირატესობას ფლობს. სლოვენიის ნაცვლად რომ ლიტვა შეგვხვედროდა, უმჯობესი იქნებოდა.
 
– მესამე კალათიდან ხორვატია შეგვხვდა…
 
– ძალიან ძლიერი და დიდი ტრადიციების გუნდია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ხორვატების დამარცხება შეგვიძლია. არაა ეს იმ დონის ნაკრები, ეს რა გრანდი დაგვეჯახაო, რომ ვთქვათ. ყველაზე პრინციპული მეტოქე სწორედ ხორვატიაა, რადგან მიმაჩნია, რომ ჯგუფიდან გამსვლელი მესამე გუნდის ვინაობა ჩვენს შორის უნდა გადაწყდეს. ამით მე არ ვაკნინებ ჯგუფის დანარჩენ წევრებს – პოლონეთსა და ჩეხეთს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გუნდების დასამარცხებლად ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება. ისე არ არის, რომ ჩეხეთთან, ან პოლონეთთან იოლი გამარჯვებები დაგეგმო. ჩეხეთი ძალიან უხერხული მეტოქეა, გვერჩივნა, შვედეთი ამოსულიყო ბოლო კალათიდან, რომელთანაც ნაღდი 2 ქულის დაგეგმვა შეიძლებოდა. ამავდროულად, ბოლო კალათაში იყვნენ სერბეთი და ისრაელი, რომელთა სიძლიერეზეც ლაპარაკი ზედმეტია.
 
– მოკლედ როგორ შეაფასებთ კენჭისყრას?
 
– ძლიერ ჯგუფში მოვხვდით, საიდან გასვლის შანსიც გაგვაჩნია. ძალიან ბევრი რამე იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ შეხვდებიან ევრობასკეტს მეტოქეები და რა სიტუაციაში ვიქნებით ჩვენ. პირველ რიგში, მოთამაშეთა ჯანმრთელობა უნდა ვისურვოთ. თითოეული კალათბურთელის ტრავმა უდიდესი დანაკლისი იქნება და იმედი მაქვს, მომავალ სექტემბერს ყველა მწყობრში იქნება.
 
– რას იტყვით იმ პროტესტზე, რომელიც ფიბა-ევროპის ხელმძღვანელობამ გამოთქვა ფიბა-მსოფლიოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რაც ევროპის ჩემპიონატის 2-ის ნაცვლად 4 წელიწადში რთხელ ჩაარებას ეხება…
 
– ეს საკმაოდ სერიოზული საკითხია და ამასთან დაკავშირებით თბილისში ჩამოსვლის შემდეგ დეტალურ ინფორმაციას გავავრცელებთ…
 
– კენჭისყრის ცერემონიალი პირველად ისტორიაში მიწისქვეშ, მღვიმეში ჩატარდა…
 
– ეს მართლაც ორიგინალური იყო და ორგანიზატორებმა დამსწრე საზოგადოებას ლამაზი სანახაობა შესთავაზეს. სასიამოვნო იყო ასეთ ატმოსფეროში ესოდენ მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩატარება. წარმოდგენით და სლოვენიის კალათბურთის ფედერაციის მასპინძლობით კმაყოფილები ვართ. თბილისში ხვალ დავბრუნდებით.
 
კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური