წინა სეზონის ნბა-ს ფინალისტი მაიამი ჰითი გოგა ბითაძის ინდიანამ 2 დღის ინტერვალით 2-ჯერ დაამარცხა. თუკი პირველ შემთხვევაში სხვაობა 27-ქულიანი იყო, დღეს, ჩვენი დროით გამთენიისას გამართულ შეხვედრაში ყველაფერი ოვერტაიმში გადაწყდა და ინდიანაპოლისელებმა 109:106 იმარჯვეს.
21 წლის ქართველმა ცენტრმა მოედანზე 9 წუთი გაატარა და 2 ქულა, 3 მოხსნა და 2 დაფარება მოაგროვა. გოგამ 2-დან 1 ორქულიანი გამოიყენა, სამქულიანი ააცილა და პასივში 1 პერსონალური ფოლიც ჰქონდა. ინდიანელთა მხრიდან 12 და მეტი ქულა ერთბაშად 7-მა კალათბურთელმა ჩააგდო, ორმა მათგანმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა: დომანტას საბონისი (17 ქულა, 11 მოხსნა), მალკოლმ ბროგდონი (12 ქულა, 10 მოხსნა). ჰითის რიგებში ჯიმი ბატლერს 21 ქულა და 15 მოხსნა ჰქონდა, ბემ ადებაიომ კი 29 ქულას 10 მოხსნა წაამატა.
23 წლის ამერიკელმა ცენტრმა არაერთი ჰაილაითი შემოგვთავაზა, მათ შორის 2 სუპერდანქი, როდესაც მან ბურთი ჯერ გოგა ბითაძეს გადაატენა, შემდეგ კი – საბონისს. სხვათა შორის იმ მომენტიდან მალევე გოგამ ტრავმა მიიღო, თუმცა, საბედნიეროდ, სერიოზული არაფერი ყოფილა.
ინდიანა პეისერსმა 19 მოგება და 22 მარცხი მოაგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს 23 მარტს კი, მილუოკიში, იანის ანტეტოკუნმპოს ბაქსთან ჩაატარებს.