ბითაძე მოედანს ფინიქსთან, 11 წუთითა და 3 ქულით დაუბრუნდა

ბითაძე მოედანს ფინიქსთან, 11 წუთითა და 3 ქულით დაუბრუნდა

ხანგრძლივი შესვენების შემდეგ გოგა ბითაძე მოედანს დაუბრუნდა. კორონავირუსის გამო 4-თვიანი პაუზის შემდეგ ნბა დისნეილენდში განახლდა, თუმცა ქართველმა ფორვარდმა ტრავმის გამო “ინდიანა პეისერსის” საწყისი 3 მატჩი გამოტოვა. დღეს კი ინდიანელთა მორიგ მატჩში, “ფინიქს სანსთან” ბითაძე მოედანზე გამოჩნდა და 10:41 წუთი ითამაშა.

ზედიზედ 3 მოგების შემდეგ ინდიანელებმა ეს შეხვედრა 99:114 წააგეს. ბითაძემ არასრულ 11 წუთში  3 ქულა, 1 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. გოგამ 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 2 ორიანი კი ააცილა. ბითაძემ პირველი მეოთხედის დასრულებამდე 34 წამით ადრე სამქულიანი ჩააგდო და სხვაობა იმ დროისთვის 5 ქულამდე შეამცირა. 

ინდიანელთა რიგებში საუკეთესო მალკოლმ ბროგდონი იყო 25 ქულით და 6-6 პასით და მოხსნით. ტი ჯეი უორენმა 16 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა, ხოლო მაილს ტერნერმა 17 ქულა, 8 მოხსნა და 3 დაფარება. ფინიქსის ცენტრმა დეანდრე აიტონმა 23 ქულა, 10 მოხსნა და 4 დაფარება მიითვალა. დევინ ბუკერის ანგარიშზე 20 ქულა და 10 პასია. 

მომდევნო მატჩს ინდიანა 9 აგვისტოს, ლეიკერსთან გამართავს.

აღსანიშნავია, რომ გოგამ ბოლოს 8 მარტს დალასთან დაპირისპირებაში ითამაშა. ფინიქსთან თამაში ქართველი კალათბურთელისთვის 50-ეა ამერიკულ კარიერაში. გოგამ სეზონში მე-7 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო ქულათა ჯამი 155 გაუხდა (50 მატჩში).